კალაძემ მუნიციპალურ ინსპექციას გარემოვაჭრეების აღწერა დაავალა

© photo: Sputnik / Stringerგარემოვაჭრე
გარემოვაჭრე - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2026
გამოწერა
გარევაჭრობა დედაქალაქის ხელისუფლებისთვის სერიოზული გამოწვევაა, რომლის მოგვარებასაც მერია წლებია ცდილობს.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწეროს გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი, რათა მერიას ჰქონდეს სრული სურათი, თუ რამდენი ადამიანი საჭიროებს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
როგორც კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის, თუმცა მეორე მხრივ, გასაგებია იმ მოქალაქეების მდგომარეობაც, რომლებიც მსგავს საქმიანობას ეწევიან.
„საკითხის მასშტაბისა და კომპლექსურად გადაწყვეტის აუცილებლობიდან გამომდინარე, ვავალებ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწეროს მსგავს საქმიანობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი, რათა გვქონდეს სრული სურათი, თუ რა მდგომარეობა გვაქვს და რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით“, - განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, მუნციპალიტეტის სურვილია პრობლემის უმტკივნეულოდ გადაწყვეტა და ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინება.
„გამოწვევას წარმოადგენს უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა. ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს. არაერთ პრობლემურ ლოკაციაზე მსგავსი არაორგანიზებული საქმიანობა უკვე აღკვეთილია და ტერიტორიები მოწესრიგებულია“, -განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში წესრიგის დაცვა და საჯარო სივრცეების სრულად მოწესრიგება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი და რეაგირება, რათა შეიზღუდოს ქალაქის იერსახის დამახინჯება და გარე ვაჭრობა, დასძინა მან.
ამასთან, დედაქალაქის მერმა თბილისის რაიონების გამგებლებს დაავალა, მოიძიონ სივრცეები სავაჭრო ადგილების მოსაწყობად, რათა გარემოვაჭრეებმა კვირაში 2-3 დღე ვაჭრობა შეძლონ.
„გამგებლებმა მოიძიონ ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება სავაჭრო სივრცეების მოწყობა, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქალაქშია. არა ყოველდღიურ რეჟიმში, არამედ მაგალითად, კვირაში სამი დღის განმავლობაში - პარასკევი, შაბათი, კვირა. მოვაწყოთ შესაბამისი დახლები, გავაკეთოთ ლამაზი სივრცეები და იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სურვილი გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, ამის შესაძლებლობა ნორმალურ გარემოში მივცეთ“, - განაცხადა მერმა.
მანვე დაავალა გამგებლებს, რაიონების მიხედვით დაიწყონ სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის რეალიზებას, რათა ყველა ასეთი ადამიანი დაკმაყოფილდეს და ალტერნატიული სამუშაო სივრცე ჰქონდეს.
ქუჩაში ვაჭრობა დედაქალაქის ხელისუფლებისთვის სერიოზული გამოწვევაა. გარევაჭრობასთან ბრძოლა თბილისის მერიამ 2017 წლის მარტის ბოლოს დაიწყო.
გარემოვაჭრეების საკითხი აქტუალური 2026 წლის ოქტომბერის ბოლოსაც გახდა, როდესაც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭრეების დახლები მეტროს სადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და სადგურის მოედანზე აიღო. ეს პროცესი ადგილზე ხმაურისა და დასაქმებულთა პროტესტის ფონზე წარიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0