ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოავლინეს

© Environmental Supervision Departmentგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2026
გამოწერა
2026 წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 1,2 ათასზე მეტი ფაქტია გამოვლენილი.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში ხეტყის უკანონო ტრანსპორტირების 17 სამართალდარღვევა გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შუახევის, სენაკის, მარტვილის, წალენჯიხის, აბაშის, წყალტუბოს, ტყიბულის, ხარაგაულის, ბორჯომის, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე გამოვლინდა მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული მორებისა და საშეშე მერქნის სატრანსპორტო საშუალებებით უკანონო გადაზიდვის ფაქტები.
ჯამში ამოღებულია დაახლოებით 20 კუბური მეტრი საშეშე მერქანი და 30 ერთეული მრგვალი ხეტყე (მორი).
უწყების ცნობით, თითოეულ სამართალდარღვევაზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. შუახევში გამოვლენილი 20 ერთეული დაუფირნიშებელი წიწვოვანი სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.
2026 წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 1,266 ფაქტია გამოვლენილი.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0