მოსწავლეების საყურადღებოდ! ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო

© National Assessment and Examinations Centerსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2026
გამოწერა
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაა.
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. 2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციას 9 ნოემბრიდან 19 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა მიმართონ.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ჩატარდება: ქართულ ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ X-XII კლასების მოსწავლეებს, ასევე, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება და თითოეული ტური ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას. პირველ ტურს მსურველები ონლაინ გაივლიან. მომდევნო ორი ტური საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება.
2026-2027 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მონაწილეს შორის.
ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე იმ ნაკრებებისთვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სავალდებულო საგნებში ტარდება. სურვილის შემთხვევაში მასში ჩართვის საშუალება საბაზო საფეხურის მოსწავლეებსაც აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0