ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა გადაიდო

© photo: Sputnik / Stringerსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2026
გამოწერა
პროცესის გადადების მიზეზი ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 10 ნოემბრიდან გაგრძელდება.
სხდომა თავდაპირველად 9 ნოემბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა სასამართლოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესი ერთი დღით, 10 ნოემბრისთვის გადაიდო.
როგორც 30 ოქტომბერს, სხდომის დასრულების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ განაცხადა, ახსნა-განმარტების ეტაპი უკვე დასრულებულია და სასამართლო კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას პარტია „ფედერალისტები“ და „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა. საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 2026 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო.
პარტიებისადმი პრეტენზიები
სასამართლოზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პარტიების წინააღმდეგ შემდეგი ბრალდებები წამოაყენა:
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ფედერალისტური პარტია“ — ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ბრალდების ამ ნაწილში საქმე ეხება 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს.
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ — ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამ შემთხვევაში ბრალდებები ეხება საპროტესტო აქციებს, საარჩევნო ქმედებებსა და 2022 წლის შემდეგ კონფლიქტის განახლების მცდელობებს.
„გახარია – საქართველოსთვის“ — ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა; ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამ შემთხვევაში ბრალდებები ეხება პარტიების ქმედებებს არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციებს, ასევე სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ბლოკ-პოსტს.
ამასთან, 2012 წლის შემდეგ შექმნილი პარტიების მიმართ „ქართული ოცნების“ მთავარი პრეტენზია არის ის, რომ მათ საჯარო განცხადებებით დისტანცირება არ მოახდინეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“.
რისთვის შეიძლება აიკრძალოს პოლიტიკური პარტია
საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, აკრძალოს პოლიტიკური პარტია, თუ მისი მიზანია:
კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა;
ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა;
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
გარდა ამისა, სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ან აღვივებს ეროვნულ, რეგიონულ, რელიგიურ თუ სოციალურ შუღლს.
ყველა ახალი ამბავი
0