ქართული ღვინის კომპანიები ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაზე წარდგნენ

© photo: Sputnik / Stringerღვინის კომპანია
ღვინის კომპანია - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2026
გამოწერა
სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ჰონგ-კონგში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა HKTDC Hong Kong International Wine & Spirits Fair 2026-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია წარდგა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
HKTDC Hong Kong International Wine & Spirits Fair-ი აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს - რიგით მე-18 გამოფენაში წელს მსოფლიოს 25-მდე ქვეყნის 600-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
„აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა ქართული ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო პროფესიულ აუდიტორიას გააცნონ ქართული ღვინო, დაამყარონ ახალი საქმიანი ურთიერთობები და გააძლიერონ საექსპორტო პოზიციები აზიის ბაზარზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე.
საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში დღეს ყურძნის 525 ჯიშია აღრიცხული, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
ყველა ახალი ამბავი
0