სააგენტო: უფლისციხე ვიზიტორებისთვის უსაფრთხოა

© photo: Sputnik / Stringerუფლისციხე
უფლისციხე - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2026
გამოწერა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უფლისციხის ისტორიულ კომპლექსში, თამარის დარბაზში, შესაძლოა, კლდის ჩამოშლის საფრთხე არსებობდეს.
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის საფრთხის შემცველი გარემოებები არ გამოვლენილა, ასე გამოეხმაურა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ განცხადებას.
აღნიშნული განცხადების საფუძველი გახდა გიდ ნანა ზარდიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც თამარ მეფის დარბაზში კლდის ჩამონგრევისა და ქვათაცვენის შესაძლო საფრთხეს ეხებოდა. გიდის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა ასევე გამოაქვეყნა ოპოზიციურმა ტელეკომპანია „ ტვ პირველმა“.
„განხორციელებული გამაგრებითი და გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სპეციალისტების მიერ ვიზიტორთათვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის“, - აღნიშულია განცხადებაში.
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ძეგლის შენარჩუნება მოითხოვს მუდმივ კვლევას, დაკვირვებასა და შესაბამისი ზომების გატარებას. სწორედ ამ მიზნით წლების განმავლობაში მიმდინარეობს ძეგლის მდგომარეობის შესწავლა და მონიტორინგი.
სააგენტოს ცნობით, 2019 წლიდან დაიწყო ადგილობრივი ქვიშაქვისა და მასზე კლიმატური პირობების ზემოქმედების კვლევაც. სპეციალისტთა ჩართულობით განხორციელდა სამხრეთ-დასავლეთით არსებული კლდოვანი მასივის სკანირება, დაზიანებული უბნების გამოვლენა, გამაგრება და ანკერირება.
არსებული ბუნებრივი გამოწვევების პარალელურად, ძეგლის მუდმივი შეფასება და შესაბამისი პრევენციული და საკონსერვაციო ღონისძიებების გატარების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, აღნიშნეს უწყებაში.
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების ობიექტური შეფასება უნდა ეფუძნებოდეს სპეციალისტების დასკვნებსა და ფაქტებს და არა დაუსაბუთებელ განცხადებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უფლისციხე
უფლისციხე კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქია, რომელიც მდებარეობს შიდა ქართლში, ქალაქ გორიდან აღმოსავლეთით 10 კილომეტრში. მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარე კლდეში ნაკვეთი ქალაქი ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის ბოლოს წარმოიქმნა. თავისი ისტორიის განმავლობაში უფლისციხემ გადაიტანა როგორც აღმავლობის, ისე დაცემის პერიოდები და საბოლოოდ XIX საუკუნეში იქნა მიტოვებული.
დღეს კლდეში ნაკვეთი ქალაქი ქართული კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. კომპლექსი მოიცავს კლდეში გამოკვეთილ სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს, მათ შორის საცხოვრებელ დარბაზებს, წარმართულ ტაძრებს, საიდუმლო გვირაბებს, წყალმომარაგების სისტემასა და მარნებს - აღმავლობის პერიოდში აქ 700-ზე მეტ გამოქვაბული იყო, რომელთაგან დღეისათვის მხოლოდ 150-მდეა შემორჩენილი.
ყველა ახალი ამბავი
0