ღვინის ნიშანდების წესი დამტკიცდა: დეტალები

© photo: Sputnik / Stringerღვინო
ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2026
გამოწერა
ალკოჰოლური სასმელების ნიშანდების სისტემა საერთაშორისო პრაქტიკაა, რომელიც მეღვინეობის არაერთ ქვეყანაში მოქმედებს.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ღვინის მწარმოებლებისთვის ალკოჰოლური სასმელების ნიშანდების (მარკირების) წესი დამტკიცვა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლი მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, ღვინის კომპანიებისთვის ნიშანდების სისტემა სავალდებულო 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან გახდება.
უწყების ცნობით, ახალი სისტემა დაიცავს ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან, გააუმჯობესებს საქონლის სრულ მიკვლევადობას და უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
მინისტრ დავით სონღულაშვილის მიერ 4 ნოემბერს ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, დამტკიცებული წესი განსაზღვრავს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების პირობებსა და პროცედურას, ნიშნის ფორმასა და სავალდებულო ელემენტებს, ნიშნის მოთხოვნის, გაცემის, მიღების, შენახვის, დატანის, აქტივაციის, დეაქტივაციის, დაბრუნების, აგრეთვე ნიშანდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვისა და კონტროლის პირობებს.
ნიშანდების ძირითადი პირობები ასეთია:
სარეალიზაციოდ განკუთვნილი სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდება ხორციელდება პროდუქტის სარეალიზაციოდ განთავსებამდე.
1.
ალკოჰოლიანი სასმლის თითოეულ სამომხმარებლო ტარაზე დაიტანება ერთი ნიშანი, ხოლო ჩამოსასხმელი ღვინის შემთხვევაში – სარეალიზაციო სტაციონარულ ჭურჭელზე ან/და ცისტერნაზე.
2.
ნიშნის განმეორებით გამოყენება, სხვა პროდუქტზე გადატანა, გასხვისება ან მესამე პირისთვის გადაცემა დაუშვებელია.
3.
ნიშნის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ღვინის ეროვნული სააგენტო.
4.
ნიშნის ფლობა არ ადასტურებს პროდუქტის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. ნიშანდების მოთხოვნა შესრულებულია, თუ ნიშანი დატანილია ამ წესის შესაბამისად, აქტიურია და დაკავშირებულია შესაბამისი პროდუქციის სერტიფიკატთან.
5.
ნიშნები ერთმანეთისგან განსხვავდება ფერით. მათი ფორმა, ზომა და სავალდებულო ელემენტების განლაგების პრინციპი ერთნაირია - ნიშნის ფორმა, ზომა და სავალდებულო ელემენტები განისაზღვრება „ალკოჰოლიანი სასმლის ნიშნის ფორმა“ დანართის შესაბამისად.
ნიშანი მზადდება მატერიალური ფორმით და უნდა იყოს გამოყენებადი მინაზე, მუყაოზე, მეტალზე და ალკოჰოლიანი სასმლის სამომხმარებლო ტარისთვის ან შეფუთვისთვის გამოყენებულ სხვა შესაბამის მასალაზე.
ნიშანი უნდა შეიცავდეს: ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შერჩეულ სიმბოლოს, QR კოდს, უნიკალურ იდენტიფიკატორს (UID), სულ მცირე ერთ ხილულ, ერთ ფარულ და ერთ სასამართლო-საექსპერტიზო ავთენტიფიკაციის ელემენტს, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სხვა ტექნიკურ აღმნიშვნელს, რომელიც აუცილებელია ნიშნის ავთენტიფიკაციისა და მიკვლევადობისთვის.
ამასთან, ნიშანი დაცული უნდა იყოს კოპირებისგან, დუბლირებისგან და არასანქცირებული გამოყენებისგან და მისი მოცილების ან გადატანის მცდელობამ უნდა გამოიწვიოს ნიშნის ან მისი დამცავი ელემენტის შეუქცევადი დაზიანება.
QR კოდის სკანირებით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პროდუქტის დასახელება და კატეგორია, მწარმოებლის დასახელება, შესაბამისობის სერტიფიკატის ნომერი, გაცემის თარიღი და სტატუსი, ლოტის ნომერი, ნიშნის სტატუსი.
ღვინის კომპანია ნიშნის მისაღებად განაცხადს წარადგენს სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ავტორიზებული მომხმარებლის ანგარიშიდან. სააგენტო განაცხადის დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განაცხადის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში და ელექტრონულად აცნობებს განმცხადებელს. უარის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას. განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ ღვინის კომპანია ვალდებულია გადაიხადოს ნიშანდების საფასური, რის შემდეგაც ნიშანი/ნიშნები გაიცემა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
ნიშნების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები ინახება ნიშნის ბოლო სტატუსის ცვლილებიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.
ღვინის კომპანია ვალდებულია:
გამოიყენოს ნიშანი მხოლოდ იმ პროდუქტისა და რაოდენობისთვის, რომლისთვისაც იგი გაიცა;
უზრუნველყოს ნიშნის დაცული შენახვა, სწორად დატანა და დროული აქტივაცია;
აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა და სააგენტოს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია;
სააგენტოს ამ წესით განსაზღვრულ ვადაში აცნობოს ნიშნის დაკარგვის, მოპარვის, დაზიანების, უნებართვო გამოყენების ან მონაცემთა შეუსაბამობის შესახებ;
სააგენტოს უფლებამოსილ პირს მისცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმების შესაძლებლობა;
უზრუნველყოს ნიშნებთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება მხოლოდ უფლებამოსილი მომხმარებლების მიერ და სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისობა ფაქტობრივ მარაგთან;
უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის შენახვა და სააგენტოსთვის ხელმისაწვდომობა.
როგორც ცნობილია, ნიშანდების სავარაუდო ღირებულება იქნება 10 თეთრი ერთ ბოთლზე. ამასთან, ნიშანდება მცირე ზომის მარნის სტატუსის მქონე ღვინის კომპანიებსაც შეეხებათ.
ხარისხიანი ღვინის წარმოება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, 2020 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფო ყოველწლიურად ახორციელებდა რთველის სუბსიდირებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ფერმერების მხარდაჭერას, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებასა და მეღვინეობის დარგის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები რეგულარულად ახორციელებენ ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ხარისხის სახელმწიფო კონტროლს.
ყველა ახალი ამბავი
0