შეძლებული ოჯახები გაზში მეტს გადაიხდიან - დავით ნარმანია

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2026
გამოწერა
2025 წლის დეკემბერში კომისიამ ერთი წლით გადადო გაზის ტარიფების გადახედვა, ხოლო მიმდინარე წლის დეკემბერში ის გაზისა და წყლის ტარიფების გადახედვას გეგმავს.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. შეძლებულ ოჯახებს, რომლებიც საკუთარ სახლებში გაზს აუზების გასათბობად იყენებენ, გაზისთვის უფრო მეტის გადახდას მოუწევთ — ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.
საქართველოს პარლამენტმა სემეკს მიანიჭა უფლებამოსილება, ბუნებრივი გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის შესაბამისად განსაზღვროს.
„შეიძლება, ვიფიქროთ, რომ მომხმარებლები, რომლებიც მცირე რაოდენობას მოიხმარენ, ესენი არიან რეგიონებში მცხოვრებლები, ეს არის სხვადასხვა კატეგორიის შეჭირვებული მოსახლეობა და ა.შ., რომელსაც მცირე მოხმარება აქვს, მისთვის ფინანსური ტვირთი იყოს დაბალი, ხოლო მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებს, რომლებიც არიან ძირითადად უფრო შეძლებული ოჯახები, რომელთაც აქვთ საცურაო აუზები და ათბობენ ამ საცურაო აუზებს ბუნებრივი აირით ან ასე შემდეგ, მათთვის დადგინდეს ცოტათი უფრო სხვანაირი ან უფრო მაღალი ტარიფი“, - განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში არსებობს.
2025 წლის დეკემბერში კომისიამ ერთი წლით გადადო გაზის ტარიფების გადახედვა, ხოლო მიმდინარე წლის დეკემბერში ის გაზისა და წყლის ტარიფების გადახედვას გეგმავს.
კომისიაში ფიქრობენ, რომ დიფერენცირებული ტარიფები ხელს შეუწყობს სოციალური ინტერესების დაცვასა და მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებას. დღეისათვის მსგავსი ტარიფები საქართველოში უკვე მოქმედებს ელექტროენერგიაზე.
საქართველოს რეგიონების უმეტესობაში, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მოქმედი ტარიფი კუბურ მეტრზე 57 თეთრს შეადგენს. თბილისში კი, გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი კუბურ მეტრზე 54 თეთრია.
ყველა ახალი ამბავი
0