კახა კალაძე ადასტურებს, რომ რუსთაველის გამზირი რემონტის შემდეგ ნოემბრის ბოლოს გაიხსნება

© Courtesy of Tbilisi City Hall კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2026
გამოწერა
გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და ნალექის გამო, სამუშაოების დასრულების ვადა 30 ნოემბრამდე გადაიწია. კონტრაქტორი კომპანია დარღვევების გამო არაერთხელ დაჯარიმდა
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. პირობა შესრულდება და ნოემბრის ბოლოს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთაველის გამზირი გაიხსნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
რუსთველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია 23 ივლისს დაიწყო. მერია პირდებოდა მოსახლეობას, რომ ყველა სამუშაო ნოემბერში დასრულდებოდა, თუმცა თბილისელები ამას სკეპტიკურად უყურებენ და უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სამუშაოები დათქმულ ვადაში ვერ დასრულდება.
„ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დამთავრებული იქნებოდა და, რა თქმა უნდა, ეს პირობა შესრულებული იქნება“, - აღნიშნა კალაძემ.
მერის თქმით, კონკრეტულ მონაკვეთებზე დაწყებულია მოასფალტება, მიმდინარეობს ტროტუარის მოპირკეთება, მომდევნო დღეებში კი დაიწყება გამწვანების სამუშაოები.
„ძალიან ლამაზი პროექტი იქნება, როდესაც ყველა სამუშაო დასრულდება“, - აღნიშნა კალაძემ.
ნოემბრის დასაწყისში, თბილისის მერიამ და კომპანია „სმარტ სოლუშენსმა“ (Smart Solutions) — რომელიც სამუშაოებს გამზირის სამივე მონაკვეთზე აწარმოებს — ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვადის 30 დღით, 30 ნოემბრამდე გახანგრძლივების შესახებ. მიზეზად დასახელდა რიგი გაუთვალისწინებელი მოვლენები და ნალექები. გახანგრძლივება შეეხო რეაბილიტაციის სამივე მონაკვეთს.
„სმარტ სოლუშენსი“ რუსთაველის გამზირის აღდგენითი სამუშაოების სამივე ლოტზე ახორციელებს. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 19,8 მილიონ ლარს შეადგენს.
სარეაბილიტაციო პროცესში კომპანია სამუშაო პირობების დარღვევის გამო არაერთხელ დაჯარიმდა. კერძოდ, მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის დაუცველობის ფაქტები.
ყველა ახალი ამბავი
0