საქართველოს პირველმა ლედიმ რომის პაპს ქართული მონასტრიდან სამახსოვრო საჩუქარი გადასცა

© photo: Sputnik / Александр Логунов / გადასვლა მედიაბანკშირომის პაპი ლეო XIV
რომის პაპი ლეო XIV  - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2026
გამოწერა
საქართველოს პირველი ლედი იტალიაში ვიზიტით იმყოფება
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვატიკანში რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდა და მას სამახსოვრო საჩუქარი გადასცა, იუწყება საქართველო პრეზიდენტის პრესსამსახური.
თამარ ბაგრატიონმა რომის პაპს პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის პატივისცემა დაუდასტურა და დღეგრძელობა უსურვა.
პირველმა ლედიმ რომის პაპს სამახსოვრო საჩუქარი – ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში დამზადებული, ხელით მოხატული კერამიკული ნამუშევარი გადასცა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი.
შეხვედრა წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით მექვაბიშვილის ორგანიზებითა და ხელშეწყობით ჩატარდა.
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ასევე წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე თამარ ბაგრატიონმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის წმინდა საყდართან ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა არქიეპისკოპოსს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობაზეც. აღინიშნა ვატიკანში ქართული კულტურისა და მუსიკალური ტრადიციების წარმოჩენის მნიშვნელობა, ასევე, ვატიკანის არქივებსა და ბიბლიოთეკებში დაცული საქართველოს ისტორიის ამსახველი უნიკალური მასალების შესწავლის შესაძლებლობები.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ვატიკანისა და რომის უნივერსიტეტებში ქართველი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობასა და მათთვის გამოყოფილ სტიპენდიებზე.
საუბრის დასასრულს თამარ ბაგრატიონმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი თარიღი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ ტრადიციებსა და ქვეყნის ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან.
ყველა ახალი ამბავი
0