საიმედო რეპუტაციის მქონე ბანკები საქართველოში ლიცენზიებს გამარტივებული წესით მიიღებენ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2026
გამოწერა
დაგეგმილი ცვლილებების მიზანი საქართველოში სანდო რეპუტაციის მქონე უცხოური ბანკების შემოსვლის წახალისება და მათი ლიცენზირების პროცედურების გამარტივებაა.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. მომავალ კვირას საქართველოს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს კანონში „კომერციული ბანკების შესახებ“, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უცხოური ბანკის ფილიალისა თუ შვილობილი ბანკის ლიცენზირება გამარტივებული პროცედურით იქნება შესაძლებელი.
გამარტივებული პროცედურები იგეგმება ლიცენზიების გასაცემად იმ შემთხვევებში, თუ ბანკი სანდო ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობს და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს ეროვნული ბანკისთვის მისაღები დონის ან უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი.
კანონპროექტის თანახმად, ბანკს უნდა ჰქონდეს მაღალი ცნობადობა, კარგი რეპუტაცია, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები და გამჭვირვალე მფლობელობის სტრუქტურა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებების მიზანი საქართველოში სანდო რეპუტაციის მქონე უცხოური ბანკების შემოსვლის წახალისება და მათი ლიცენზირების პროცედურების გამარტივებაა.

“ქართული საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინტერესი მზარდია, რასაც მათ შორის, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საფინანსო სექტორში განთავსების წილიც (2025-2026 წლებში 36,5%) ადასტურებს. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკში დაგროვილი პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, გამოიკვეთა ქართულ საფინანსო ბაზარზე ახალი ბანკებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შემოსვლის პროცედურების ოპტიმიზაციის შესაძლებლობა“, - განმარტავს ეროვნული ბანკი.

სებ-ის ინფორმაციით, კანონპროექტის ამოქმედებიდან 12 თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი განსაზღვრავს სანდო ქვეყნების იდენტიფიცირების პრინციპებს, მისაღები საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების ჩამონათვალსა და საკრედიტო რეიტინგის მინიმალურ დონეს. აღნიშნული კრიტერიუმები საჯარო ნორმატიული აქტით განისაზღვრება.
„სანდო ქვეყნების განსაზღვრის პრინციპების შემუშავებისას ეროვნული ბანკი იხელმძღვანელებს შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკით და მიდგომებით. ამასთან, მისაღები საკრედიტო რეიტინგის დონის განსაზღვრისას გაითვალისწინებს როგორც საქართველოს საკრედიტო რეიტინგს, ისე საერთაშორისოდ დამკვიდრებულ სარეიტინგო შეფასების სტანდარტებს“, - აცხადებენ სებ-ში.
სებ-ის შეფასებით, ცვლილებები ქართულ საბანკო ბაზარზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მრავალფეროვნებას გაზრდის და კონკურენტული გარემოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ყველა ახალი ამბავი
0