მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან 78-მდე თევზმახე ამოიღეს: 10 თვის მონაცემები

© photo: Sputnik / Селимханов / გადასვლა მედიაბანკშიმეთევზეები
მეთევზეები - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2026
გამოწერა
პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია, აღნიშნავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 10 თვეში ქვეყნის მასშტაბით მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან 4,7 ათას მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 78-მდე თევზმახეა ამოღებული, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში 2026 წლის 10 თვეში ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა.
კერძოდ, პრევენციული ღონისძიებები გატარდა მდინარეებზე - ჭოროხი, ტარჩენა, ენგური, ჩხოუში, მუნჩია, ხობისწყალი, რიონი, ჭანისწყალი, ლესისწყალი, მტკვარი, ასევე ზღვის სანაპიროზე, გრიგოლეთის, ფოთისა და ბაზალეთის ტბებზე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე. კახეთში კი გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სარწყავი არხებიდანაც ამოიღეს.
გარდა ამისა, პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზეც.
ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 4,7 ათას მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 78-მდე თევზმახე - ე.წ. „გოდორი“, „ფაცერი“ და „ოჩხი“.
თევზმახეებსა და ბადეებში გახლართული თევზი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს.
ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.
ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0