აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი
 აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2026
გამოწერა
შეხვედრაზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები განიხილეს
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა, ინფორმაციას დიპლომატიური უწყება ავრცელებს.
როგორც საელჩოში აღნიშნეს, შეხვედრაზე განიხილეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები, მათ შორის შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარება და ამერიკული კომპანიებისთვის არსებული სხვა შესაძლებლობები.
ერთი კვირის წინ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კორტნი ოსტრიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლ;ი კობახიძე შეხვდა. მთავრობის მეთაურმა კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღსადგენად. ირაკლი კობახიძემ ამ პროცესში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
ყველა ახალი ამბავი
0