საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 30 წლის ხდება: გზა კრიზისიდან სუვერენიტეტამდე

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2026
გამოწერა
კობახიძემ ხაზი გაუსვა 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმის როლს, ხოლო ყაველაშვილმა სასამართლოს საზოგადოებრივი სტაბილურობის გარანტი უწოდა
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 30 წლის განმავლობაში რთული გზა განვლო, ხოლო მისი მეორე ათწლეული ავტორიტარულ მმართველობასა და სასამართლო სისტემაზე პოლიტიკურ გავლენასთან დაკავშირებული სერიოზული კრიზისის პერიოდი იყო, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2007-2012 წლებში უკიდურესად შემცირდა საზოგადოების ნდობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, თავად სასამართლო კი წელიწადში საშუალოდ 4 გადაწყვეტილებას იღებდა. კობახიძემ იმ წლებს ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების პერიოდი უწოდა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება კონსტიტუციური წყობილების ხელყოფა, კონსტიტუციონალიზმის საფუძვლების შერყევა, საქართველოს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება და კონსტიტუციური ინსტიტუტების დაკნინება იყო.
„ეს იყო პერიოდი, როდესაც ერთი კონკრეტული ადამიანის, საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლის გამო კონსტიტუცია ორჯერ შეიცვალა. ერთხელ, როდესაც ის მოსამართლის ასაკობრივ ცენზს არ აკმაყოფილებდა და მეორედ, როდესაც კონსტიტუცია სასამართლოს თავმჯდომარედ მისი მეორედ არჩევის შესაძლებლობა არ იძლეოდა“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ავტორიტარული რეჟიმის მემკვიდრეობა 2013-2016 წლებშიც გაჰყვა, როდესაც რეჟიმის მიერ დანიშნული რამდენიმე მოსამართლე კვლავაც შესაბამისი პოლიტიკური ძალის კარნახით მოქმედებდა. კობახიძემ ასევე გააკრიტიკა იმდროინდელი პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკურად მგრძნობიარე ყველა საქმეს ერთსა და იმავე კოლეგიას ეწერებოდა.
ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ 2016 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვისებრივად გათავისუფლდა ავტორიტარული რეჟიმის მემკვიდრეობისგან, ამას დაერთო 2017-2018 წლებში განხორციელებული ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმაც, რომელმაც აამაღლა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები, დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანა ხელისუფლების დანაწილების სისტემა და გააძლიერა საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ხელისუფლების სისტემაში.
ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
„კონსტიტუციური წესრიგი არის ის უხილავი დამცავი ბარიერი, რომელიც გვიცავს არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე კრიზისებისგან და გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერ ეროვნულ თუ გლობალურ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდეთ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, დაარსების პირველივე დღიდან საკონსტიტუციო სასამართლო ჩამოყალიბდა ინსტიტუტად, რომელიც სახელმწიფოში კონსტიტუციის უზენაესობას, კანონის წინაშე საყოველთაო თანასწორობასა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას უზრუნველყოფდა. მან ასევე მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანამედროვე გაგრძელება უწოდა საკონსტიტუციო კონტროლს – სამართლებრივი სახელმწიფოს ის უმთავრესი საყრდენი, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსს, იცავს პიროვნების თავისუფლებასა და მკაცრად ადგენს ძალაუფლების უფლებამოსილების საზღვრებს.
„საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ინსტიტუციური გარანტი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სტაბილურობასა და პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში შენარჩუნებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, დღეს მსოფლიო გადის ურთულეს, გარდამავალ ეპოქას: საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა ირღვევა, საერთაშორისო სამართალმა და ნორმებმა ქმედითობა დაკარგა, ხოლო გლობალური გეოპოლიტიკური გამოწვევები პირდაპირ აისახება თითოეული ქვეყნის შიდა პროცესებზე.
მისი თქმით, ამ ფონზე, კანონის უზენაესობა, სამართლიანი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არის სახელმწიფოებრივი სიმტკიცისა და საზოგადოებრივი ნდობის მყარი საძირკველი.
პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ახალ გამოწვევებზე, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება. ამასთან მან აღნიშნა, რომ ცვლილებების მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს მისია უცვლელი რჩება: დაიცვას კონსტიტუცია, ადამიანის ღირსება და შეინარჩუნოს წონასწორობა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის.
ყველა ახალი ამბავი
0