არგუმენტები არ აქვთ - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ანგარიშზე

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2026
გამოწერა
კობახიძემ დაადასტურა ევროკავშირთან დიალოგისთვის მზადყოფნა, იმ პირობით, რომ ის ღია და გამჭვირვალე იქნება.
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. ევროკომისიის ანგარიში არ შეიცავს არცერთ შენიშვნას, რომელიც კონკრეტულ არგუმენტებზე იქნებოდა დამყარებული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში 4 ნოემბერს გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ ნომინალურად რჩება, ხოლო მმართველი პარტია „აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზის ძირგამომთხრელ საქმიანობას“. ევროკომისიამ საქართველო იმაშიც დაადანაშაულა, რომ იგი კვლავაც არ ასრულებს ცხრა ნაბიჯს, რომლებიც ასახული იყო კომისიის რეკომენდაციაში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
„ევროკომისიის ანგარიში არ არის მწვავე. მწვავე ეს ანგარიში მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული. ნული სიმწვავე აქვს ამ ანგარიშს, იმიტომ, რომ არცერთი შენიშვნა არ არის დაფუძნებული რაიმე მყარ არგუმენტზე“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა დიალოგისთვის ევროკავშირთან, მაგრამ საკუთარი პირობებით.
„ჩვენ ყოველ ჯერზე ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ღია დიალოგისთვის, ოღონდ ეს დიალოგი უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული, უნდა იყოს გამჭვირვალე და უნდა წარიმართოს საზოგადოების თვალწინ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რას წერია ანგარიშში?
ევროკომისიის ცნობით, რადგან საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს გაწევრიანების პროცესის ფუნდამენტურ ასპექტებზე, რომლებიც მისი კანდიდატის სტატუსის საფუძვლად უდევს, და ასევე მასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე.
კომისია მიიჩნევს, რომ დემოკრატიის მდგომარეობა საანგარიშო პერიოდში კვლავ გაუარესდა დემოკრატიული ინსტიტუტების მზარდი ეროზიის, ძალაუფლების მზარდი კონცენტრაციის, სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების წინააღმდეგ რეპრესიების ესკალაციის, სამოქალაქო სივრცის შემდგომი შევიწროების, ასევე მტრული ანტიევროპული რიტორიკისა და დეზინფორმაციის გამო.
„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმის ფარგლებში ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, საპარლამენტო ზედამხედველობა კვლავ შეზღუდული რჩება, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა. ამასთან, პოლიტიკური პოლარიზაცია გაღრმავდა, ხოლო დემოკრატიული პლურალიზმი კიდევ უფრო გაუარესდა.
„ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა მათი სისტემატური ჩართულობა მტრულ, ანტიევროპულ რიტორიკაში, მანიპულაციურ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიებში, ასევე ევროკავშირის ღირებულებების შელახვა და ევროკავშირთან დაკავშირებული საკვანძო რეფორმების განხორციელების უგულებელყოფა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ ხშირად ცვალებადი რეპრესიული სამართლებრივი ჩარჩოსა და დაშინების პრაქტიკის კომბინირებული ეფექტი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენას და იწვევს სამოქალაქო სივრცის კიდევ უფრო შევიწროებას.
ევროკომისია ასევე შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოყენებით, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პლურალიზმს და შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან.
ევროკომისიის პრეტენზიები ასევე ეხება ადამიანის უფლებების შეზღუდვას, როგორც იგი მიიჩნევს, „რეპრესიული კანონებით, რომლებიც არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, კერძოდ, გამოხატვის, შეკრების თავისუფლებას, თანასწორობას და დისკრიმინაციის აკრძალვას“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მზადყოფნა მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროებში. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები კვლავ ავლენს არასათანადო პოლიტიკური ჩარევის ნიშნებს. ევროკომისიამ ასევე გააკრიტიკა პატიმრობის როგორც თავისუფლების აღკვეთის ზომის გადაჭარბებული გამოყენება, ასევე სასამართლო რეფორმის განხორციელების კუთხით გაცემული რეკომენდაციების უგულებელყოფა.
კრიტიკა ასევე შეეხო ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის მოთხოვნების შეუსრულებლობას.
ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ მიაღწია პროგრესს ეკონომიკური რეფორმების და მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით.
ყველა ახალი ამბავი
0