მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2026
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის საქმეზე მსჯავრდებულმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.
ორივე მსჯავრდებული ციხიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე თავისუფლდა - ლაშა ბერიძისა და მურთაზ ზოდელავას გარდა, საპროცესო შეთანხმება მათთან ერთად კიდევ ორ მსაჯავრდებულს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას გაუფორმდა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ოთხივე მსჯავრდებულს 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.
მსჯავრდებულებიდან ირაკლი ჩხვირკია პენიტენციურ დაწესებულებას 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს დატოვებს.
„4 ოქტომბერზე პასუხისმგებლობა ავიღე და სასჯელიც მოვიხადე... თითქმის ყველა სხდომაზე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულ ადამიანებს, ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით, რაც მოხდა კიდევაც. არ მაქვს არანაირი პოლიტიკური გეგმები ბევრი მიზეზის გამო. ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და ეს არ უკავშირდება საპროცესო შეთანხმებას. საქართველოს მოქალაქე ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ, როდესაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ვთქვი, რომ მე ვარ ერთ-ერთი ორგანიზატორი“, – განაცხადა ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზოდელავა და ბერიძე დამნაშავედ ცნო სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაში, აგრეთვე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში. გარდა ამისა, ზოდელავა დამნაშავედ იქნა ცნობილი ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებებში. 2026 წლის მაისში მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ — სასჯელის ვადის ათვლა მათი დაკავების მომენტიდან, 2025 წლის 5 ოქტომბრიდან დაიწყო.
გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას კი 5-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. ჩხვირკიას ბრალად ედებოდა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად - ჟვანიას კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
2026 წლის თებერვალში, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრებდა მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, „რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას”. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 20-ზე მეტ პირს გაუფორმდებოდა.
ბოლო ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით დაახლოებით 50 პირი გათავისუფლდა.
თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 64 პირი, მათ შორის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0