ბოჭორიშვილი: პრემიერმა ევროკავშირს საქართველოს პოზიცია გააცნო

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2026
გამოწერა
მინისტრის თქმით, სამიტში მონაწილეობამ ქართულ მხარეს მისცა შესაძლებლობა, წარედგინა თავისი ხედვა ევროკავშირის გაფართოების შესახებ დისკუსიის ფარგლებში
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. თბილისი მზადაა ბრიუსელთან ღია დიალოგისთვის ყველა იმ საკითხზე, რომლებსაც ევროკავშირი პრობლემურად მიიჩნევს, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოებისადმი მიძღვნილ სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ღონისძიებაზე მიწვევა გახდა კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ევროპელ პარტნიორებამდე მიეტანათ საქართველოს პოზიცია და კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ დიალოგისთვის მზადყოფნა.
„ჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც ევროკავშირს პრობლემური ეჩვენება ან არის მათთვის მნიშვნელოვანი ამ პროცესში. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია, რომ მზად ვართ ევროკავშირთან სასაუბროდ, დიალოგისთვის ყველა საკითხზე, რაც კი შეიძლება იდგეს ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ბრიუსელშიც დაინტერესებული არიან საქართველოს პოზიციის მოსმენით, ხოლო სამიტში მონაწილეობამ ქართულ მხარეს მისცა შესაძლებლობა, წარედგინა თავისი ხედვა ევროკავშირის გაფართოების შესახებ დისკუსიის ფარგლებში.
ტელეკომპანია Euronews-ის მიერ ორგანიზებულ სამიტზე გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა, არასამართლიანი გადაწყვეტილებების გამო არ ენდობა ევროკომისიას.
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის დაუყოვნებლივ ჩაერთოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში, თუ ევროკომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამასთან, მან შეახსენა საზოგადოებას, რომ სწორედ ბრიუსელმა შეაჩერა თბილისთან პოლიტიკური დიალოგი 2024 წლის ივნისში.
პრემიერის თქმით, ევროკომისია კანდიდატის სტატუსის, ხოლო შემდგომში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხს საქართველოზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს.
სამიტის — Euronews EU Enlargement Summit 2026-ის მთავარი თემა ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პრაქტიკული ასპექტები გახდა. მონაწილეებმა განიხილეს რეფორმები, რომლებიც აუცილებელია კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობისთვის, ეკონომიკური რისკები და უსაფრთხოების საკითხები, ასევე გაფართოების შემდგომ თავად გაერთიანების ფუნქციონირებაში შესაძლო ცვლილებები.
ყველა ახალი ამბავი
0