ზეწოლის მორიგი მცდელობა: საქართველოში RSF-ის სიაში ივანიშვილის შეყვანას უპასუხეს

© Courtesy of Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2026
გამოწერა
RSF-ის სიაში ბიძინა ივანიშვილი მედიაზე ეკონომიკური ზეწოლის კატეგორიაშია შესული
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის შეყვანა „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში, რომელიც ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) გამოაქვეყნა, არის საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მორიგი მცდელობა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
ივანიშვილი 2026 წლის სიაში მედიაზე ეკონომიკური ზეწოლის კატეგორიაშია შეყვანილი. RSF-ის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი თავისი ბიზნეს-იმპერიისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური რესურსების წყალობით ინარჩუნებს მნიშვნელოვან გავლენას ქვეყნის მედია-გარემოზე. ორგანიზაცია ასევე აკრიტიკებს საკანონმდებლო შეზღუდვებსა და ხელისუფლების ქმედებებს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ.
„პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის რომ ღიმილისმომგვრელია“, - განაცხადა კირცხალიამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა ამ ორგანიზაციის ექსპერტიზას, მათ განცხადებებს თუ შეფასებებს, მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო, სერიოზულად არ ეკიდება, ხოლო თავად სია ღიმილს იწვევს.
პოლიტიკოსმა სიის გამოქვეყნება ე.წ. დიფ სთეითის (deep state) საქმიანობას დაუკავშირა და განაცხადა, რომ მისი ლოგიკა მდგომარეობს ბრალდებების მრავალგზის გამეორებაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი აბსურდულად და დაუჯერებლად გამოიყურება.
კირცხალიამ ივანიშვილის სიაში შეყვანას მასზე და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის მორიგი მცდელობა უწოდა. მისი შეფასებით, ამგვარად ვლინდება პოლიტიკურ ლიდერებსა და იმ ეროვნულ ძალებზე ზემოქმედების მექანიზმები, რომლებიც არ მოქმედებენ არაფორმალური ოლიგარქიული სტრუქტურების ინტერესებში.
„ომის ნაცვლად - მშვიდობას, მორჩილების ნაცვლად - თავისუფლებას, უცხო ძალების გავლენის დიქტატით მოქმედების ნაცვლად - სუვერენიტეტს ირჩევენ,“ - აღნიშნა კირცხალიამ.
ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ ივანიშვილის ბიზნესიმპერია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური რესურსები ქვეყნის საინფორმაციო სივრცეზე გავლენის მოხდენის საშუალებას იძლევა. კერძოდ, RSF ახსენებს ტელეკომპანიებს „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს, რომლებსაც პროსახელისუფლებოდ მიიჩნევს.
ორგანიზაციის პრეტენზიებს შორისაა ასევე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების შეზღუდვა, ზეწოლა ოპოზიციურ ტელეკომპანიებზე — „ფორმულასა“ და „ტვ პირველზე“, ასევე ჟურნალისტების სამართლებრივი დევნა. RSF ამ პროცესებს ივანიშვილის ქართულ პოლიტიკურ სისტემაზე გავლენას უკავშირებს.
ყველა ახალი ამბავი
0