ბაქო-თბილისის მიმართულებით რეისების რაოდენობა იზრდება

© photo: courtesy of Press service of Azerbaijan Railwaysბაქო-თბილისის მატარებელი
ბაქო-თბილისის მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2026
გამოწერა
დამატებითი რეისების დანიშვნის შედეგად მგზავრთა ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე, დაახლოებით 46%-ით გაიზრდება.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. 2 ნოემბრიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ყოველდღიურად 4 სარკინიგზო რეისი შესრულდება, ნათქვამია „აზერბაიჯანის რკინიგზის" (ADY) განცხადებაში.
ADY-ის ცნობით, დამატებითი რეისების დანიშვნის შედეგად მგზავრთა ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე, დაახლოებით 46%-ით გაიზრდება.
უწყების ცნობით, დამატებითი რეისების ამოქმედება მგზავრებს უფრო დაბალბიუჯეტიანი მგზავრობის შესაძლებლობას მისცემს. კერძოდ, დამატებით რეისებზე სტანდარტული კლასის ბილეთების ფასი (ყოფილი პლაცკარტი) 36 აზერბაიჯანული მანათიდან (დაახლოებით 55 ლარი) დაიწყება.
ADY-ის განმარტებით, ახალი შეთავაზებით მგზავრობა დაახლოებით 30%-ით იაფი იქნება
ერთი მიმართულებით მგზავრობის მინიმალური საფასური სადგურების მიხედვით ასეთია:
ბაქო-თბილისი – 82.5 ლარი (54 მანათი);
ევლახი-თბილისი – 67.2 ლარი (44 მანათი);
განჯა-თბილისი – 62.6 ლარი (41 მანათი);
აღსტაფა-თბილისი – 58 ლარი (38 მანათი);
ბოიუკ-კასიკი-თბილისი – 55 ლარი (36 მანათი).
ამჟამად Stadler-ის ვაგონებით ბაქოდან თბილისამდე კომფორტ-კლასით მგზავრობის მინიმალური საფასური 118.3 ლარია (77.50 მანათი), განჯიდან კი – 86.7 ლარი (56.80 მანათი).
დამატებითი რეისების ამოქმედებით მგზავრებს ღამის მგზავრობასთან ერთად დღისით მგზავრობის შესაძლებლობაც ექნებათ:
მოქმედი განრიგი (ღამის რეისი): მატარებელი ბაქოდან 23:10 საათზე გავა და თბილისში მომდევნო დღეს, 08:41 საათზე ჩავა. თბილისიდან მატარებელი 11:00 საათზე დაიძრება და ბაქოს სარკინიგზო სადგურში 20:26 საათზე ჩავა.
ახალი განრიგი (დღის რეისი): მატარებელი ბაქოდან ყოველდღიურად 09:10 საათზე გავა და საქართველოს დედაქალაქში 19:11 საათზე ჩავა. საპირისპირო მიმართულებით მატარებელი თბილისიდან 22:00 საათზე დაიძრება და ბაქოში მომდევნო დღეს, 07:57 საათზე ჩავა.
ADY-ის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით დამატებითი რეისების დანიშვნა მხარეებს შორის ხანგრძლივი ერთობლივი მოსამზადებელი, ტექნიკური და ორგანიზაციული სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეგულარული სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, 2026 წლის 26 მაისს ოფიციალურად აღდგა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული. მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს შორის სარკინიგზო რეისები ყოველდღიურ რეჟიმში სრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0