რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია: სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადა გახანგრძლივდა

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
გამოწერა
სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა 2026 წლის 1-ლი ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე გახანგრძლივდა, შესაბამისი ცვლილებები თბილისის მერიასა და კონტრაქტორ კომპანია „სმარტ სოლუშენსს“ (Smart Solutions) შორის დადებულ ხელშეკრულებაში შევიდა, იუწყება პორტალი bm.ge.
რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის 23 ივლისს დაიწყო. სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია. პროექტის დასრულება 2026 წლის ნოემბრის ბოლომდე იყო დაგეგმილი.
30 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებაში შესული ცვლილებით, სამუშაოების შესრულების ვადა 100-დან 130 კალენდარულ დღემდე გაიზარდა. მიზეზად დასახელდა რიგი გაუთვალისწინებელი მოვლენები და ნალექები. გახანგრძლივება შეეხო რეაბილიტაციის სამივე მონაკვეთს.
ვადის გახანგრძლივების მიზეზად კომპანია რამდენიმე გარემოებას ასახელებს. მათ შორისაა სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი გაუთვალისწინებელი ფაქტორები, რომლებმაც საპროექტო გადაწყვეტილებების შეცვლისა და სამუშაოების მოცულობის გაზრდის აუცილებლობა წარმოშვა.
„დამატებით შემაფერხებელ გარემოებად დასახელებულია კომუნიკაციების კომპანიები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე საკუთარ ქსელებს რეაბილიტაციას უტარებდნენ. „სმარტ სოლუშენსის“ განმარტებით, ამ სამუშაოების პარალელურად წარმოება მას ერთიანი სამუშაო ფრონტის არსებობას უზღუდავდა", - ნათქვამია განცხადებაში.
კიდევ ერთ მიზეზად ამინდის პირობები დასახელდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 1-ელი აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში თბილისში 29 წვიმიანი დღე დაფიქსირდა. მხარეთა შეფასებით, ნალექი სამუშაოების შესრულებას ხელს უშლიდა არა მხოლოდ უშუალოდ წვიმიან დღეებში, არამედ მომდევნო პერიოდშიც.
ხელშეკრულების ახალი რედაქციით, Smart Solutions-მა სამუშაოები წერილობითი დავალების მიღებიდან 130 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს. კომპანიას ასევე დაევალა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადის 2027 წლის 29 იანვრამდე გაგრძელება.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას სამუშაოების შესრულების პირობების დარღვევისთვის Smart Solutions არაერთხელ დაჯარიმდა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევები, მათ შორის, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის შეუსრულებლობას ეხებოდა.
Smart Solutions -თან გაფორმებული კონტრაქტის საერთო ღირებულება 19,8 მლნ ლარია.
ყველა ახალი ამბავი
0