როდის გაიხსნება აბასთუმნის შემოვლითი გზა? მინისტრის პასუხი

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia რევაზ სოხაძე
რევაზ სოხაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
გამოწერა
აბასთუმნის შემოვლითი გზა, ბაღდათის მიმართულებით უკვე დასრულებულ საგზაო მონაკვეთთან ერთად, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დააკავშირებს.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. აბასთუმნის 15,9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
სამუშაოები რთულ გეოლოგიურ და რელიეფურ პირობებში მიმდინარეობს, სამუშაოები მოიცავს კლდოვანი გრუნტების დამუშავებას, ბურღვით სამუშაოებს, ფერდობების სტაბილიზაციასა და გზის სავალი ნაწილის გაფართოებას. გზის მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შენდება საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები და სანიაღვრე არხები.
„აბასთუმნის შემოვლით გზაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ჩვენი მიზანია, აქ ერთ-ერთი საუკეთესო საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყოს. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებრივი გარემოს აღდგენა, მათ შორის, ტყის აღდგენითი სამუშაოები. შესაბამის უწყებასთან ერთად დავიწყებთ მუშაობას, რათა გზის გახსნის დროისთვის ეს სამუშაოებიც განხორციელებული იყოს“, — განაცხადა სოხაძემ.
პროექტის ფარგლებში უკვე გაყვანილია 368-მეტრიანი საგზაო გვირაბი. ჯამში, გათვალისწინებულია 5 ახალი ხიდის მოწყობა. მათგან მდინარე აბასთუმანზე 3 ხიდის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და დარჩენილია ასფალტბეტონის საფარის მოწყობა, ხოლო დანარჩენი 2 ხიდის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამჟამად მიმდინარეობს მიწის სამუშაოები და ფერდების ფორმირება. პროექტს ახალი კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს.
აბასთუმნის შემოვლითი გზა, ბაღდათის მიმართულებით უკვე დასრულებულ საგზაო მონაკვეთთან ერთად, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დააკავშირებს.
ახალი გზა საშუალებას მისცემს სატრანზიტო ავტოტრანსპორტს, გადაადგილდეს კურორტის გვერდის ავლით, რაც შეამცირებს აბასთუმნის სატრანსპორტო დატვირთვას, ხელს შეუწყობს ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და კურორტის განვითარებას.
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 92 მლნ ლარით ფინანსდება.
კურორტის ისტორია
კურორტი აბასთუმანი თბილისიდან 235 კილომეტრის დაშორებით, ადიგენის რაიონში, ზღვის დონიდან 1200-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
აბასთუმანი ქალაქის ტიპის დასახლებაა მთის ჰაერით, რომელიც საუკუნოვანი ფიჭვებისა და ნაძვების ნაწილაკებითაა გაჟღენთილი. სწორედ ეს ნაწილაკები ამდიდრებენ აბასთუმნის ჰაერს სამკურნალო თვისებებით, რომელიც განსაკუთრებით კარგია არაჯანსაღი ფილტვების მქონე ადამიანებისთვის.
ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა და მისი თანმდევი დაავადებები, პლევრიტი, ქრონიკული ბრონქიტი და ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმა - ამ დაავადებების სამკურნალოდ რეკომენდებულია კურორტი აბასთუმანი.
გარდა ამისა, კურორტი აბასთუმანი ცნობილია თერმული წყლებით. მინერალური წყალი, რომლის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, ძირითადად, აბაზანებისთვის გამოიყენება.
კურორტი აბასთუმანი XIX საუკუნის შუა პერიოდში დაფუძნდა. აბასთუმნის გვერდით რეგიონის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მდებარეობს.
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ავითარებს აბასთუმნის კურორტს - შემუშავებულია გენგეგმა. უკვე დასრულებულია XIX და XX საუკუნეების 20 ისტორიული შენობის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეკონსტრუქცია.
ყველა ახალი ამბავი
0