კალაძე: ლილოს ნაგავსაყრელს გაფართოების 20-წლიანი პოტენციალი აქვს

© Tbilisi City Hall კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
გამოწერა
კალაძის თქმით, მერია ნაგავსაყრელთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაზე მუშაობას არსებული ტერიტორიის ფარგლებში გააგრძელებს
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. გერმანული კომპანია ICP-ის კვლევის თანახმად, ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ყოველდღიურად თბილისიდან ათასობით ტონა ნარჩენი ქალაქის ერთადერთ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე იგზავნება, რომელიც დიდი ლილოს დასახლების მახლობლად მდებარეობს. მან ფუნქციონირება 2010 წელს, გლდანის რაიონში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ნაგავსაყრელი ნაწილობრივ დახურულია, ის მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის სამგორის რაიონისა და ლილოს დასახლების მცხოვრებლებს.
კალაძის თქმით, გერმანული კომპანია ICP-ის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში 12 შესაძლო ლოკაცია შეფასდა, რომელთაგან სამი ალტერნატივა შეირჩა: მუხიანი, შინდისი და არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორიის გაფართოება. კვლევის შედეგების მიხედვით, ყველაზე ხელსაყრელ ვარიანტად მოქმედი ნაგავსაყრელის ტერიტორიის გაფართოება დასახელდა, რომელსაც მომდევნო 20 წლის განმავლობაში განვითარების პოტენციალი აქვს.
„კვლევის ფარგლებში შეფასდა ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, როგორებიცაა ტერიტორიაზე წვდომა, ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები, მიმდებარე მიწების გამოსყიდვის საჭიროება, ფუნქციური ზონირება, რელიეფი და ტერიტორიის სამომავლო განვითარების შესაძლებლობა. წარმოდგენილი შეფასებით, აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით ყველაზე ხელსაყრელი არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორია აღმოჩნდა გერმანული კომპანიის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი კვლევის დასკვნა არის მკაფიო - ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას დაახლოებით ოთხი წელი დასჭირდება და მნიშვნელოვან დამატებით ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. ამასთან, მისი თქმით, ლილოს ნაგავსაყრელი 2010 წლიდან ფუნქციონირებს და არსებული ტერიტორია ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროებს გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებას.
„მეორე მხრივ, ახალი პოლიგონის მშენებლობას დაახლოებით ოთხი წელი დასჭირდება, რასაც მნიშვნელოვანი დამატებითი ფინანსური ხარჯებიც მოჰყვება. ამიტომ, სხვა ტერიტორიაზე გადასვლა თავისთავად ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს არსებულ ნაგავსაყრელზე გვაქვს“, - აღნიშნა მერმა.
როგორც კალაძემ განაცხადა, მერია ნაგავსაყრელთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაზე მუშაობას არსებული ტერიტორიის ფარგლებში გააგრძელებს. ერთ-ერთი მთავარი პროექტი ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლების, ე.წ. ლიჩეტის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაა. კალაძის განცხადებით, ამჟამად დაბინძურებული წყლები პირდაპირ არხში ჩაედინება, რაც გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.
„საუბარია ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლების, ე.წ. ლიჩეტის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. დღეს არსებული მდგომარეობით, ეს დაბინძურებული წყლები პირდაპირ არხში ჩაედინება, რაც სერიოზული გარემოსდაცვითი პრობლემაა და აუცილებლად საჭიროებს მოწესრიგებას. სწორედ ამიტომ, უკვე მიმდინარეობს თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის ღირებულება 6,5 მილიონი ევროა და რომელიც 2027 წლის სექტემბერში დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, გამწმენდი ნაგებობის ამოქმედების შემდეგ ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლები შესაბამის გაწმენდას გაივლის, რაც გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი.
კალაძის თქმით, პროექტი უკვე განხორციელების ეტაპზეა და მისი დასრულების ვადად 2027 წლის სექტემბერია განსაზღვრული.
საცხოვრებელ დასახლებასთან ახლოს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა ადგილობრივების საპროტესტო აქციის საბაბი ბევრჯერ გამხდარა. მათ არაერთხელ გამართეს აქცია, გზა გადაუკეტეს ნაგვის მანქანებს და ნაგავსაყრელამდე მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობამ აღნიშნული საკითხის მოგვარებისა და ნაგავსაყრელისთვის ახალი ადგილის შერჩევის პირობა დადო.
ამჟამად თბილისში საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების კუთხით მხოლოდ კერძო ინიციატივები მოქმედებს. დედაქალაქში არსებული ნარჩენების დიდი კონტეინერების უმეტესობა შერეული ტიპისაა და მათში ერთად იყრება როგორც საკვები, ისე მყარი ნარჩენები და აგრეთვე პლასტიკი.
ყველა ახალი ამბავი
0