ცესკომ მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა

© Sputnik / Alex Shlamovცესკოს შენობა
ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
გამოწერა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ISO სერტიფიკატი პირველად 2019 წელს მიიღო
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცესკოს ინფორმაციით, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებული აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა.
კერძოდ, ISO-ს სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, „მენეჯმენტის სისტემების“ აუდიტორმა 2026 წლის 24 ივლისს განახორციელა შიდა აუდიტი, 2 სექტემბერს კი საერთაშორისო აუდიტორის (LL-C (Certification) Czech Republic a.s.) მიერ დისტანციურად განხორციელდა საკონტროლო აუდიტი.
„ორივე სახის აუდიტი წარმატებით დასრულდა და ცესკომ შეინარჩუნა მის მიერ მოპოვებული საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი. აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადმინისტრაციის მიზნები, ამოცანები, მონიტორინგი და ანგარიშგება შეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს. ეს კი ადასტურებს, რომ ხარისხის მართვა საარჩევნო ადმინისტრაციის ყოველდღიური საქმიანობისა და ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საერთაშორისო აუდიტორის შეფასებით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხარისხის მართვის სისტემის (QMS) დადებით მხარეებსა და უპირატესობებს შორის ხაზგასმით აღსანიშნავია ადმინისტრაციის შესაძლებლობა, გაუმკლავდეს რთულ და ცვალებად გარემოს: „პოლიტიკური რყევების, დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობისა და საინფორმაციო ზეწოლის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაცია ეფექტიანად ასრულებს ქართველი ხალხის წინაშე აღებულ საკონსტიტუციო ვალდებულებებს".
აუდიტის ფარგლებში დოკუმენტირებული მენეჯმენტის სისტემის შესაბამისობა შეფასდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით. დადასტურდა, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემას შეუძლია დააკმაყოფილოს შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნები და მიაღწიოს აკრედიტებული სერტიფიცირებისთვის მოსალოდნელ შედეგებს, როგორც ეს მითითებულია ISO-IAF-ის კომუნიკეში, აკრედიტებული სერტიფიცირების შესახებ.
აუდიტორის შეფასებით, ორგანიზაცია აკმაყოფილებს და სათანადოდ ახორციელებს მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს და შეუძლია უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტი მიწოდება მომხმარებლის მოთხოვნებთან, შესაბამის კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მომხმარებლის კმაყოფილების ამაღლების მიზნით. აღნიშნული დასკვნა გაკეთებულია სტანდარტის ცალკეული მოთხოვნების შესრულების დონის შეფასების საფუძველზე, რაც დასტურდება ანგარიშის შესაბამისობის მატრიცით. აუდიტის მიზნები წარმატებით არის მიღწეული.
ISO-ს სტანდარტი წარმოადგენს ხარისხის მართვის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საერთაშორისო ჩარჩოს. იგი ორგანიზაციებს საქმიანობის სისტემატური გაუმჯობესების, პროცესების ეფექტიანად მართვის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველყოფაში ეხმარება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ISO სერტიფიკატი პირველად 2019 წელს მიიღო, რითაც დადასტურდა, ცესკოს ხარისხის მართვის სისტემა სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტის – ISO 9001:2015 მოთხოვნებს.
ამასთან, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი საარჩევნო ადმინისტრაცია იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელმაც აღნიშნული სერტიფიკატი მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0