ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა „როცა ზღვა იყო მშვიდი" პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

© photo: 20 Steps / FBმამუკა ტყეშელაშვილი
მამუკა ტყეშელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2026
გამოწერა
ფილმი, რომელიც კინოფესტივალის ორ საკონკურსო სექციაში იყო წარდგენილი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ქართველი რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილის ანიმაციურმა ფილმმა „როცა ზღვა იყო მშვიდი“ პრესტიჟული საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
კინოცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილის ანიმაციურმა ფილმმა დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების 69-ე საერთაშორისო ფესტივალ DOK Leipzig-ზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის დაწესებული Mephisto Award-ის ჯილდო და ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.
ფილმი, რომელიც კინოფესტივალის ორ საკონკურსო სექციაში იყო წარდგენილი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
„ვულოცავთ რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილსა და მთელ შემოქმედებით გუნდს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას," - აღნიშნულია ინფორმაციაში.
აღნიშნულმა ანიმაციურმა ფილმმა სექტემბერში ასევე დიდი წარმატება მოიპოვა ოტავას საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზე, სადაც ორი ჯილდო აიღო: ანიმატორთა გილდიის პროფესიული ჯილდო საუკეთესო მხატვრობისთვის და მაყურებლის პრიზი — საპატიო აღნიშვნა. ოქტომბერში კი ანიმაციურმა ფილმმა მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, ანიმაციური ფილმი მსოფლიოს 500-ზე მეტ ქალაქში გამართულ ჩვენებებზე 100 ათასზე მეტმა მაყურებელმა იხილა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.
აფხაზეთის თემაზე შექმნილი ანიმაციური ფილმი „როცა ზღვა იყო მშვიდი“ არის პერსონალური, ნოსტალგიური დრამა, რომელიც ეფუძნება თავად რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილის ბავშვობის მოგონებებს სოხუმზე. ანიმაცია გადმოსცემს სიყვარულის სევდიან ისტორიას აფხაზეთიდან. იგი აცოცხლებს ავტორის (პატარა ბიჭის) მოგონებებს, ემოციებსა და ბავშვობის შთაბეჭდილებებს ომამდელ სოხუმზე.
ყველა ახალი ამბავი
0