მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმდინარე მტკვარი
მდინარე მტკვარი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2026
გამოწერა
სამუშაოებს, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური შეასრულებს. პროექტის დასრულება ექვს თვეშია დაგეგმილი.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. თბილისში მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლის გამაგრება იწყება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის მთავარი მიზანი მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მდინარისპირა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.
სამუშაოები ორ ძირითად ლოკაციაზე განხორციელდება: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრასა“ და შოთა შალიკაშვილის ხიდს შორის არსებულ მონაკვეთზე, ასევე კოსმონავტების სანაპირო 13ა-ს მიმდებარედ.
„სამუშაოების განხორციელების ძირითადი მიზანი მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლის გამაგრება და არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. გასულ წელს გვქონდა შემთხვევები, როდესაც მოხდა ჯებირების ჩანგრევა, მდინარე მტკვარმა საფუძველი გამოაცალა სანაპირო ზოლს, შექმნა გარკვეული პრობლემები, ჩაიტანა ტროტუარი. ჩვენ ჩავატარეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება ყოფილიყო უსაფრთხო", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად დროებითი აღდგენითი სამუშაოებისა, ქალაქში კვლავ რჩება პრობლემური მონაკვეთები, რომლებიც სრულფასოვან მოწესრიგებას და უსაფრთხოების ზომების გატარებას საჭიროებს.
დაგეგმილი პროექტის ფარგლებში, ორივე მონაკვეთზე მოეწყობა ხიმინჯოვანი რკინაბეტონის ნაპირსამაგრი კედლები. ამასთან, სრულად განახლდება არსებული მოაჯირები და მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა, რაც მდინარისპირა ზოლს გაცილებით უფრო უსაფრთხოსა და ესთეტიკურს გახდის.
სამუშაოებს, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური შეასრულებს. პროექტის დასრულება ექვს თვეშია დაგეგმილი.
ყველა ახალი ამბავი
0