რამდენით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა: სექტემბრის მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაათი შარდენზე
საათი შარდენზე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2026
გამოწერა
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7,4%-ის ნიშნულზე დადგინდა.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის სექტემბერში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7,4%-ის ნიშნულზე დადგინდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომომპოვებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
კლება დაფიქსირდა გადამამუშავებელ მრეწველობაში, ადმინისტრაციულ საქმიანობაში და დამხმარე სერვისების სფეროში.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, 2025 წელს – 7,5%.
რა გაიზარდა და რამდენით?
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 15,3%-ით.
გარდა ამისა, ამ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 8,4 ათასამდე ახალი საწარმო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 32,1%-ით მეტია.
„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 13,5%-ით გაიზარდა და 17,6 მილიარდ ლარს მიაღწია.
მისი თქმით, მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო სამოქალაქო მშენებლობასთან - გაზრდილია გზების, ხიდების, გვირაბების მშენებლობის მაჩვენებელი.
„ასევე აღსანიშნავია, რომ ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის მოცულობის გაფართოებასთან. ასევე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 11%-ით არის გაზრდილი სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი“, - განაცხადა თოდრაძემ.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან და შესაბამისი მიმართულებით მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან.
სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორს რაც შეეხება, აქ ზრდა ძირითადად ფერადი ლითონების მადნების მოპოვებას უკავშირდება.
ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო როგორც მსუბუქი ავტომობილებით, ისე საწვავითა და საპოხი მასალებით ვაჭრობის მოცულობის ზრდასთან.
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდას განაპირობებდა კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა.
ყველა ახალი ამბავი
0