დღეს შავი ზღვის დაცვის დღეა: როგორ ზრუნავს მასზე საქართველო

© photo: Sputnikგემი შავ ზღვაში
გემი შავ ზღვაში - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2026
გამოწერა
ბოლო წლებში საგრძნობლად მცირდება გემების მხრიდან ზღვის ნავთობშემცველი წყლებით დაბინძურების ფაქტები, აღნიშნავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში 219 გემის ინსპექტირება განახორციელეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 40 ფაქტი გამოავლინეს, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
მათივე ცნობით, წლის განმავლობაში ამოღებულია ზღვაში უკანონოდ ჩაგებული 40 ცალი სახლართი ტიპის ბადე.
„სამართალდარღვევებიდან 13 მცურავი საშუალებებიდან ზღვის დაბინძურების ფაქტია, რაც 100 000-ლარიან ჯარიმას და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს, 1 გემიდან — ზღვის საყოფაცხოვრებო-მყარი ნარჩენებით დაბინძურების ფაქტი, 6 — თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი, 1 — თევზჭერის წესებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის ფაქტი, 19 — სახომალდო დოკუმენტებში არასწორი ჩანაწერების ფაქტი“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 35 ათას ლარს აჭარბებს, სამართალდამრღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა კი მილიონ ლარზე მეტია.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მცირდება გემების მხრიდან ზღვის ნავთობშემცველი წყლებით დაბინძურების ფაქტები, რაც, ერთი მხრივ, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს ეფექტიანი მუშაობის, მეორე მხრივ კი, გაზრდილი საჯარიმო სანქციების შედეგია, რასაც შემაკავებელი ეფექტი აქვს.
გარდა ამისა, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს. მიმდინარე წელს გაფართოვდა საკვლევი არეალი და კვლევები ყოველთვიურად 14 წერტილში ხორციელდება.
მონიტორინგის ფარგლებში განისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციები.
გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში ახორციელებს კვლევის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა წყლის ეკოლოგია და წყლის ბიომრავალფეროვნება.
ამავდროულად, სააგენტოს მიერ, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო წყლებში თევზის რესურსების შეფასებას და თევზების მარაგების დადგენას.
31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი 1996 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ, რაც შავი ზღვის აუზის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებმა სტამბულში ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას.
ყველა ახალი ამბავი
0