საქართველო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მომხრეა — პრემიერ-მინისტრი

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2026
გამოწერა
მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, აღნიშნა კობახიძემ.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის თანმიმდევრული მომხრეა და მხარს უჭერს ისეთ სამშვიდობო ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია კეთილმეზობლური ურთიერთობების ხელშეწყობისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებისკენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, რეგიონებში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
„საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მტკიცე მხარდამჭერი. შესაბამისად, მივესალმებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის დაწყებულ სამშვიდობო პროცესს და იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და მისი ეკონომიკური განვითარების წინაპირობა გახდება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები, რაც ერთმანეთის ტრადიციებისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას ეფუძნებოდა. მისი თქმით, ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას თან სდევს უმაღლეს დონეზე არსებული რეგულარული პოლიტიკური დიალოგი.
ამ კონტექსტში პრემიერმა გამოყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბოლო ვიზიტი საქართველოში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ურთიერთობების განვითარებისა და კიდევ უფრო გაღრმავების ორმხრივი ინტერესი.
განსაკუთრებული ყურადღება პრემიერმა დაუთმო ენერგეტიკულ თანამშრომლობას, რომელსაც, მისი შეფასებით, რეგიონული და ევროპული უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა გააჩნია.
„ერთობლივად განხორციელებული პროექტები — ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი, უკვე მრავალი წელია, ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტსა და რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას“, - განაცხადა მან.
გარდა ამისა, საქართველო, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად, მონაწილეობს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარებაში, რომლის მიზანია განახლებადი ენერგიის ტრანსპორტირება და სამხრეთ კავკასიის ევროპულ ენერგეტიკულ ბაზართან მჭიდრო დაკავშირება.
ირაკლი კობახიძის თქმით, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ასევე მოიცავს თავდაცვის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმისა და საბაჟო სფეროებს.
„მზად ვართ, გავაძლიეროთ არსებული კავშირები და ხელი შევუწყოთ ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, დღევანდელი სხდომა შესაძლებლობას გვაძლევს, შევაჯამოთ მიღწეული შედეგები, განვიხილოთ არსებული გამოწვევები და შევთანხმდეთ სამომავლო პრიორიტეტებზე. დარწმუნებული ვარ, რომ კომისიის მუშაობა ხელს შეუწყობს კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ქვეყნებისთვის“, — აღნიშნა პრემიერმა.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
ყველა ახალი ამბავი
0