ქართული კულტურის ელჩი ევროპაში - ლევილის მამულს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა

© Ministry of Culture, Sports and Youth of Georgiaლევილის მამული
ლევილის მამული - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2026
გამოწერა
დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი სტუმარმასპინძლობის მიღწევების აღიარებაა
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის” მე-11 საზეიმო ცერემონიაზე ლევილის ქართველთა მამულს სპეციალური ჯილდო გადაეცა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ორგანიზატორთა ინიციატივით, კონკურსისგან დამოუკიდებლად, ლევილის მამულმა სპეციალური ჯილდო - ისტორიული მემკვიდრეობის უნიკალური სივრცე და ქართული კულტურისა და სტუმარმასპინძლობის ელჩი ევროპაში - მიიღო.
კონკურსში 190 ნომინანტი მონაწილეობდა. გამარჯვებულები 35 ნომინაციაში გამოვლინდნენ.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ ღონისძიებას ლევილის ქართული აკადემიის ხელმძღვანელი თამარ კვარაცხელია და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს” დირექტორი სალომე ხურცილავა ესწრებოდნენ.
თამარ კვარაცხელიამ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ლევილის მამული ის უნიკალური სივრცეა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გაცნობის შესაძლებლობას საქართველოს საზღვრებს გარეთ, ევროპის შუაგულში ქმნის.
თამარ კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა „ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებას”. მისი თქმით, ეს ჯილდო ნაყოფიერი სამომავლო თანამშრომლობის საფუძველი გახდება.
დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი სტუმარმასპინძლობის მიღწევების აღიარება, ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და ინდუსტრიაში პროფესიონალიზმის გაძლიერებაა.
მამულის ისტორია
ლევილის ქართული მამულის ისტორია 1921 წელს იწყება. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და თავშესაფარი საფრანგეთში ჰპოვა, სადაც ეს მამული შეიძინა.
მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები 1991 წლიდან მიმდინარეობდა.
ლევილი ქართველი ემიგრანტებისთვის მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენდა; ის მათი ეროვნული იდენტობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ იქცა. 1928 წელს შედგენილ „მორალურ ანდერძში“ აღნიშნული იყო, რომ ეს მამული ქართველ ხალხს ეკუთვნოდა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მას უნდა დაბრუნებოდა.
მასშტაბური სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, სრულად განახლდა შატო, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციული შენობა. ტერიტორიაზე ასევე განთავსდა ტრადიციული ქართული „ოდა“ და ორანჟერეა; გაშენდა ქართული ვენახი და ხეხილის ბაღი. 2026 წლის თებერვალში მამულში დაირგო „რქაწითელისა“ და „საფერავის“ ჯიშის ვაზი (დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე).
ამჟამად დასასრულს უახლოვდება მხატვრებისთვის განკუთვნილი შემოქმედებითი სტუდიების მოწყობა, ფრანგული სტილის ბაღის კეთილმოწყობა, ასევე საინჟინრო ქსელებისა და გარე ინფრასტრუქტურის განვითარება.
პროექტის დასრულების შემდეგ, განახლებული ლევილი ევროპაში ქართული კულტურისა და მეცნიერების ცენტრად იქცევა — ადგილად, სადაც ისტორიული მეხსიერება თანამედროვე საგანმანათლებლო და შემოქმედებით ინიციატივებს დაუკავშირდება.
ყველა ახალი ამბავი
0