საქართველო ოთხ ქვეყანასთან ფიტოსანიტარიულ შეთანხმებებს განიხილავს

სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2026
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის საკითხებზე სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს.
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტისთვის მიმდინარე წელს 8.730 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გასცა, აღნიშულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტო ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისა და უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველყოფის მიზნით, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ფიტოსანიტარიული კონტროლისა და სერტიფიცირების საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს.
„საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და გამჭვირვალე ფიტოსანიტარიული კონტროლი ჩვენი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ქართული პროდუქციის მიმართ ნდობის განმტკიცებას, ექსპორტის ზრდასა და ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნას“, — განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა.
თანამშრომლობა მოიცავს ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემების, ლაბორატორიული შესაძლებლობებისა და საექსპორტო პროდუქციაში პესტიციდების ნარჩენების კონტროლის მექანიზმების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებას.
„საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, წლის ბოლომდე დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებების განხილვა აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და ბულგარეთის შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
საქართველო 2015 წლიდან ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრია, რაც საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სტანდარტების დანერგვას, მცენარეთა დაცვის სფეროში ინფორმაციის გაცვლასა და უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ბოლო პერიოდში, კლიმატურმა ცვლილებებმა და მავნე ორგანიზმების გააქტიურებამ ამ საკითხების აქტუალობა კიდევ უფრო გაზარდა.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისას ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პესტიციდების ნარჩენების კონტროლს. სახელმწიფო მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად სხვადასხვა სახეობის სურსათის 200-მდე ნიმუში მოწმდება.
„აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში დარღვევები არ გამოვლენილა“, — განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, საქართველოს კონტროლის სისტემის ეფექტიანობის მაგალითია ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებული საექსპორტო თხილის კონტროლის სისტემის აუდიტი, რომლის დადებითმა შეფასებამ ევროკავშირის საზღვარზე ტვირთების შემოწმების სიხშირის შემცირებას შეუწყო ხელი.
ფიტოსანიტარული სერტიფიკატი ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც გაიცემა მცენარეებზე, მცენარეულ პროდუქტებზე და ადასტურებს, რომ ისინი აკმაყოფილებენ დანიშნულების ქვეყნის ფიტოსანიტარულ მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.
ყველა ახალი ამბავი
0