ელენე ხოშტარია საავადმყოფოში გადაიყვანეს

© photo: Sputnik / Stringerელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2026
გამოწერა
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ხოშტარია კლინიკაში ჯანმრთელობის გეგმიური კვლევის მიზნით გადაიყვანეს.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მსჯავრდადებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით.
უწყების ინფორმაციით, ხოშტარია კლინიკაში ჯანმრთელობის გეგმიური კვლევის მიზნით გადაიყვანეს.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარია დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა და საავადმყოფოში ეტლის დახმარებით მიიყვანეს, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ ხოშტარია სამედიცინო დაწესებულებაში პროტოკოლის დაცვით შეიყვანეს და მას დამოუკიდებლად გადაადგილების პრობლემა არ აქვს.
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია უკვე 13 თვეა რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. მიმდინარე წლის ივლისში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს - ბრალდების მხარის მტკიცებით, კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამ 570 ლარის ოდენობის ზიანი გამოიწვია.
აღნიშნულ საქმეზე ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5.000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა გირაოს გადახდაზე მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც პოლიტიკოსი დააკავეს.
24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ოპოზიციური პარტია „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თუ პოლიტიკოსი სასჯელს ბოლომდე ციხეში მოიხდის, ის 2027 წლის მარტში უნდა გათავისუფლდეს.
ყველა ახალი ამბავი
0