სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

© Tbilisi Court of Appealsთბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2026
გამოწერა
საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. სააპელაციო სასამართლომ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.
პროკურატურამ დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით 22 ოქტომბერს დააკავა. უწყების მტკიცებით, 2026 წლის თებერვლიდან ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს. ჟურნალისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
დაცვის მხარემ ჟურნალისტისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
„მადლობა ღმერთს და მადლობა ადვოკატ ზაზა ხატიაშვილს, ჩემს მეგობარს, რომელმაც იბრძოლა. მე ამათთან არანაირ გარიგებაზე და რაღაც საპროცესოზე არ წავიდოდი, ეს გამორიცხული იყო. ეს საქმე წავიდოდა სტრასბურგში და აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში და ბატონი ზაზას მაღალმა პროფესიონალიზმმა მოიტანა ეს შედეგი“, - განაცხადა ჩუბინიძემ.
გამოძიების ვერსიით, ჩუბინიძე გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.
გამოძიების თვალსაზრისით, აღნიშნული ქმედებით, დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.
დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი წარმოადგენს განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს სასჯელის კონკრეტული ვადის გარეშე. ის მუშაობს როგორც დამამძიმებელი გარემოება და ემატება ძირითად ბრალდებას (მაგალითად, ჯაშუშობას ან საბოტაჟს), თუ დანაშაულმა ეროვნული უსაფრთხოება დააზიანა. შედეგად, ბრალდებულს უსჯიან სასჯელს ძირითადი მუხლით, მაგრამ ოფიციალურად აღიარებულია საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოღალატედ.
ყველა ახალი ამბავი
0