ყაველაშვილი ევროპისა და აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

© Courtesy of Mikheil Kavelashvili მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2026
გამოწერა
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს გამოცდილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნევსკის შეხვდა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებულ რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე, ასევე პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს გამოცდილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ზიანის შემცირების პროგრამები დანერგა. აღინიშნა 2015 წელს დაწყებული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში ათიათასობით ადამიანმა უფასო მკურნალობა მიიღო, ხოლო შესაბამისი სერვისები ზიანის შემცირების ცენტრებთან ინტეგრირდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყაველაშვილმა კომისიის წევრებს გააცნო 2027 წელს თბილისში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის პირველი გლობალური სამიტის ჩატარების ინიციატივაც, რომლის გამართვაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ოლიმპიურ კომიტეტთან და საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით განიხილება.
ინიციატივის მიზანია ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.
„პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ისეთი ალტერნატიული სივრცეების შექმნა, სადაც მათი ყოველდღიური ცხოვრება მრავალფეროვანი სპორტული, საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობებით დაიტვირთება, როგორც მათი ფსიქიკური და მენტალური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სახელმწიფოს მისიაა ჯანმრთელი, მორალურად მყარი და ეროვნული ცნობიერებით განმსჭვალული თაობების აღზრდა.
შეხვედრის დასასრულს მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ალექსანდერ კვაშნევსკისა და კომისიის წევრებს საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი და გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველი გახდება.
ყველა ახალი ამბავი
0