თბილისი საარქივო ფილმების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2026
გამოწერა
28-30 ოქტომბერს მაყურებელი სხვადასხვა ქვეყნის 12 კინოინსტიტუციის ციფრულად რესტავრირებულ საარქივო ფილმებს იხილავს.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი წელს მეხუთედ გაიხსნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიების თემაა „აღდგენილი მეხსიერება: არქივები ტექნოლოგიების ეპოქაში“. 28, 29 და 30 ოქტომბერს მაყურებელი სხვადასხვა ქვეყნის 12 კინოინსტიტუციის ციფრულად რესტავრირებულ საარქივო ფილმებს იხილავს. წარმოდგენილი იქნება საქართველოს, მალტის, ესპანეთის, ესტონეთის, პორტუგალიის, უნგრეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, საფრანგეთის კინოპროგრამები.
ფესტივალი ეროვნული არქივის ჩვენებით, თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის მხატვრული ფილმით „მაგდანას ლურჯა“ გაიხსნა. 1955 წელს გადაღებულმა ფილმმა 1956 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში პრიზი მოიპოვა. „მაგდანას ლურჯას“ ციფრული რესტავრაცია ეროვნულ არქივში 2026 წელს განხორციელდა.
წელს პირველად თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს ჰყავს „საპატიო სტუმარი“ საფრანგეთის კინოთეკა. ფრანგული კინოინსტიტუციის პროგრამის კურატორი პოლინ დე რეიმონი თბილისს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მოწვევით სტუმრობს. ფესტივალის განმავლობაში ის ქართველ მაყურებელს 1928-1964 წლებში გადაღებულ სამ ფრანგულ მხატვრულ ფილმს წარუდგენს.
ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იქნება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და აჭარის მუზეუმის ბათუმის სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმის პროგრამები.
თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალი 30 ოქტომბერს დაიხურება. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს დააფუძნა.
ყველა ახალი ამბავი
0