საქართველო სინგაპურის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კვირეულში მონაწილეობს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისინგაპური
სინგაპური - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2026
გამოწერა
სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული 400-ზე მეტ საერთაშორისო მონაწილეს აერთიანებს და 25 ათასზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. SWITCH 2026 არის უდიდესი საერთაშორისო პლატფორმა, ქართული ეკოსისტემისთვის ეს არის პირველი ნაბიჯები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, განაცხდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა სინგაპურში.
საქართველოს დელეგაცია, ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით, აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ ფორუმში — SWITCH -2026 (სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეული) მონაწილეობს. მიმდინარე კვირაში საქართველო პირველად წარდგება ეროვნული პავილიონით — StartUP in Georgia.
„საქართველო სინგაპურის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კვირეულში პირველად მონაწილეობს. ქართული ეკოსისტემისთვის ეს არის პირველი ნაბიჯები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, სადაც არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური ბაზარი, ძალიან საინტერესო ვენჩურული კაპიტალის მიმართულება. ეს არის დიდი შესაძლებლობა ჩვენი სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის შემდგომი დიდი გლობალური ნაბიჯების გადასადგმელად", - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ამ თვალსაზრისით ეროვნული სტარტაპ-ეკოსისტემის ჩამოყალიბება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ნადარეიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა სინგაპურულ კომპანიებთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი — როგორც ინვესტიციების, ისე ტექნოლოგიების გაცვლის კუთხით.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელშეწყობით ფორუმში ქართული სტარტაპები (Clinova, Dunno, Omniform Systems, Vybe და PhytoTester) მონაწილეობენ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ სტრატეგიული კონტაქტები, შეხვდნენ საერთაშორისო პარტნიორებს და გლობალურ ბაზრებზე გასვლის რეალური გზები დასახონ.
სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული 400-ზე მეტ საერთაშორისო მონაწილეს აერთიანებს და 25 ათასზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.
SWITCH 2026-ის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე დაესწრო.
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს სტარტაპებს ქვეყანაში. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. სააგენტოს მთავარი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და ამ სფეროს ხელშეწყობა. სააგენტო ხელს უწყობს სამეწარმეო და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას.
ყველა ახალი ამბავი
0