სამორინეები საერთაშორისო აზარტულ ტურნირებს გამართავენ: კანონში ცვლილებები შევიდა

© photo: Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2026
გამოწერა
საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობისთვის განისაზღვრა ყოველწლიური სანებართვო მოსაკრებელი 100 ათასი ლარის ოდენობით.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად საქართველოში არსებულ სამორინეებს საერთაშორისო ტურნირების ორგანიზების შესაძლებლობა ექნებათ.
საერთაშორისო აზარტულ ტურნირად მიიჩნევა სამორინის მიერ მოწყობილი ისეთი აზარტული ტურნირი, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და სადაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენს.
საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობისთვის განისაზღვრა ყოველწლიური სანებართვო მოსაკრებელი 100 ათასი ლარის ოდენობით.
ამასთან, სამორინეები ვალდებული იქნებიან საერთაშორისო ტურნირები დადგენილი რეგლამენტისა და წესების შესაბამისად ჩაატარონ. კერძოდ, ტურნირის გამართვამდე მათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შემდეგი ინფორმაცია უნდა წარუდგინონ:
ტურნირის ჩატარების ადგილი და განრიგი, მისი დაწყებისა და დასრულების თარიღისა და დროის მითითებით;
გარანტირებული საპრიზო ფონდის ოდენობა და მისი ფორმირების წესები;
მონაცემები ტურნირის მონაწილეთა შესატანისა და საკომისიო მოსაკრებლების შესახებ;
ტურნირის მონაწილეთა მაქსიმალური და მინიმალური რაოდენობა;
ინფორმაცია სათამაშო მაგიდების, მათი ქარხნული ნომრებისა და მწარმოებლების შესახებ;
ტურნირის წესები;
გამარჯვებულის გამოვლენის პრინციპი;
საპრიზო ადგილების რაოდენობა და საპრიზო ფონდის განაწილების პროცენტული სქემა;
პრიზების გაცემის წესები და ვადები;
მონაწილეთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის წესები;
საჩივრების განხილვის ვადები;
საპრიზო ფონდის დაფარვის ფინანსური გარანტიები.
საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 50 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება ან/და მოწყობა ექვემდებარება დაჯარიმებას 150 ათასი ლარის ოდენობით.
პროექტის თანახმად, თუ საერთაშორისო აზარტული ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მლნ ლარს აღემატება და კლუბის მაგიდა მხოლოდ აღნიშნული ტურნირის ჩასატარებლად გამოიყენება, ორგანიზატორი თავისუფლდება კლუბის მაგიდისთვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან და უფლებამოსილია შემოსავალი ტურნირის ჩატარების შედეგად მიიღოს.
ცვლილებები საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.
ყველა ახალი ამბავი
0