პროგრესი თუ უკუსვლა? საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის კრიტიკოსებს უპასუხეს

© Courtesy of Parliament of Georgiaარჩილ გორდულაძე
არჩილ გორდულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2026
გამოწერა
გორდულაძის თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის მასშტაბით 150 პარტია აიკრძალა
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ოპონენტები უკრაინაში, მოლდოვასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების აკრძალვას დემოკრატიულ პროგრესად წარმოაჩენენ, საქართველოში მსგავს ზომებს კი დემოკრატიიდან უკუსვლას უწოდებენ, განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
სასამართლო განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“.
„აგენტურა „ნაცმოძრაობის“ სახით და მათ უკან მდგომი ძალები ცდილობენ, საზოგადოებას შემოასაღონ ტყუილი, რომ უკრაინასა და მოლდოვაში, ასევე ევროპის მასშტაბით არააკონსტიტუციური, არასახელმწიფოებრივი პარტიების აკრძალვა არის დემოკრატიის ზეიმი, ხოლო საქართველოში ანალოგიური პარტიების აკრძალვა წარმოადგენს დემოკრატიულ უკუსვლას", - განაცხადა გორდულაძემ.
მისი თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის მასშტაბით აიკრძალა 150 პარტია, უკრაინაში - 22, მოლდოვაში – რვა. აქედან ოთხი მემკვიდრე პარტიის საქმიანობა აიკრძალა 2026 წლის ივლისში.
გორდულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიას აქვს უფლება დაიცვას თავი, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია სამართლებრივი შეფასება მისცეს იმ პარტიების საქმიანობას, რომლებიც, მისი მტკიცებით, ფეხქვეშ თელავენ კონსტიტუციას და მიიღოს შესაბამისი ზომები.
დეპუტატმა პარალელი გაავლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ირგვლივ გამართულ დისკუსიებთან, რომელსაც კრიტიკოსები „რუსულ კანონს“ უწოდებენ.
„გამჭვირვალობის კანონის მიღება, თურმე, შეუძლია საფრანგეთს, გამჭვირვალობის კანონის მიღების რეკომენდაციას გასცემს ევროკავშირი, ხოლო საქართველოში ამავე კანონის მიღება თურმე ძირს უთხრის დემოკრატიას", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
დეპუტატის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და პასუხობს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს, მათ შორის, მისი მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფის ამოცანას.
რისთვის შეიძლება აიკრძალოს პოლიტიკური პარტია
საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, აკრძალოს პოლიტიკური პარტია, თუ მისი მიზანია:
კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა;
ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა;
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
გარდა ამისა, სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ან აღვივებს ეროვნულ, რეგიონულ, რელიგიურ თუ სოციალურ შუღლს.
ყველა ახალი ამბავი
0