თურნავა: საქართველო მძლავრ საერთაშორისო ფინანსურ ჰაბად წარმატებით ტრანსფორმირდება

© National Bank of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2026
გამოწერა
საქართველოს ფინანსურ სექტორზე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების 34–36% მოდის, განაცხადა თურნავამ.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. მასშტაბური ეკონომიკური რეფორმებისა და რეკორდული საერთაშორისო რეზერვების წყალობით საქართველო დამაჯერებლად იმკვიდრებს წამყვანი რეგიონული მოთამაშისა და საერთაშორისო ფინანსური ჰაბის სტატუსს , განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თბილისის ფინანსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
რიგით მეორე თბილისის ფინანსური სამიტი საქართველოს დედაქალაქში 27–28 ოქტომბერს იმართება. სამიტის მთავარი თემაა — თბილისის ფინანსური სამიტის მთავარი თემაა „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში" .
საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ხელმძღვანელი სოპნენდუ მოჰანტი.
„საქართველო თანდათან ყალიბდება როგორც მძლავრი ფინანსური ჰაბი, რაც ასევე არის ჩვენი დიდი ამბიცია და საქართველო იმ საერთაშორისო ქსელის ნაწილი გახდა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს, ისეთებს, როგორიცაა სინგაპური, იაპონია და შვეიცარია. რათქმა უნდა ეს შემთხვევით არ არის“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ეს არის იმ მასშტაბური ეკონომიკური და ფინანსური რეფორმების აღიარება, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა, ხოლო ეროვნულმა ბანკმა, თავისი მანდატის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ამ სტრუქტურის დანერგვაში
როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქართული ფინანსური სექტორი დღევანდელ ტურბულენტურ გარემოში მაღალი მდგრადობით გამოირჩევა და განსაკუთრებით მიმზიდველია საერთაშორისო ინვესტორებისთვის.
„ბოლო წლებში ჩვენი ფინანსური სექტორი ლიდერობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილით, რაც 34–36%-ს შეადგენს, და ეს არის ჩვენი ფინანსური, საბანკო და არასაბანკო ფინანსური სექტორის მიმართ მაღალი ინტერესის დასტური. ეს ამ სფეროში ინვესტირებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას“, — განაცხადა ტურნავამ.
თურნავამ აღნიშნა, რომ სწორედ ხელსაყრელმა მაკროეკონომიკურმა გარემომ და კაპიტალის ძლიერმა შემოდინებამ მისცა ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა, ბოლო წლებში გაეორმაგებინა ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები
„თუ 2024 წელს შევადარებთ, რეზერვები გაორმაგებულია და ისტორიულად მაღალ ნიშნულს — 8,14 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ნამდვილად დიდი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის. უფრო მეტიც, სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით, ჩვენ პირველად გადავაჭარბებთ ადეკვატურობის დონეს და რეზერვების ადეკვატურობის თვალსაზრისით 128%-ს შევადგენთ, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ჩვენს მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ“, — აღნიშნა მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა.
თავის გამოსვლაში სების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი დინამიკურად ვითარდება და ხასიათდება მაღალი კაპიტალიზაციითა და ლიკვიდობის ძლიერი ბუფერებით.
„აქტივების ხარისხიც მუდმივად მაღალი რჩება. შედეგად, საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი ქართული ფინანსური სექტორის მიმართ კიდევ უფრო იზრდება და დღევანდელი ღონისძიებაც ამის დადასტურებაა', — განაცხადა მან.
ფინანსური სამიტი
თბილისის ფინანსურმა სამიტმა თავი მოუყარა ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს.
წლევანდელ სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი იღებს მონაწილეობას.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები, პანელური დისკუსიები, სამუშაო და პროფესიული შეხვედრები. განხილვის ძირითადი მიმართულებები იქნება რეგიონული ფინანსური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ციფრული აქტივები, გადახდების მომავალი, ღია ბანკინგი, ხელოვნური ინტელექტი და ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოება.
თბილისის ფინანსური სამიტი ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ, სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან - Global Finance and Technology Network (GFTN) – პარტნიორობით ტარდება
GFTN სინგაპურში დაფუძნებული საერთაშორისო ქსელია, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციისა და თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემების განვითარებაზე მუშაობს. აღნიშნული ქსელი მოიცავს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს ისეთები როგორიცაა სინგაპური, იაპონია, შვეიცარია, ა.შ. 2025 წელს ქსელს საქართველოც შეუერთდა.
ყველა ახალი ამბავი
0