შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს

თევზი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2026
გამოწერა
ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრაკონიერებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთის მიმდებარედ მდინარე მტკვარზე გასაბერი ნავიდან ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს ხრამულის სახეობის 47 კილოგრამზე მეტი თევზი.
თევზჭერისას ელექტროიარაღს იყენებდნენ მოქალაქეები სოფელ დოღლაურის მიმდებარედაც. მათ უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული ხრამულის სახეობის 10 კილოგრამამდე თევზი.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და ფაქტის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
უწყების ცნობით, 2026 წლის 9 თვეში მხოლოდ შიდა ქართლში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 32 ფაქტია გამოვლენილი.
ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია. გამკაცრებული კონტროლის პარალელურად, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0