საქართველოში ნოემბრიდან გრიპის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი

© photo: Sputnikმგზავრი პირბადით
მგზავრი პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2026
გამოწერა
გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომებია ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის - ნოემბრიდან გრიპის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი, განაცხადა ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ.
ექიმის ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რინოვირუსია გავრცელებული, თუმცა ცირკულირებს ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (RSV), ენტეროვირუსები და მეტაპნევმოვირუსიც.
„ყველაზე მეტი შემთხვევა რინოვირუსია, დაახლოებით 55%-მდე. ეს არის ვირუსი, რომელიც მსუბუქად გადააქვთ დიდებსაც და პატარებსაც და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ ხოლმე“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მედიკოსის განცხადებით, გრიპის A ტიპის ვირუსის (H3N2, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი), შემთხვევები ჯერჯერობით შედარებით მცირე წილს შეადგენს, დაახლოებით 4%-ს, თუმცა ნოემბრიდან მისი გავრცელების მატებაა მოსალოდნელი.
„ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომლის წილი დაახლოებით 8%-ია. ის განსაკუთრებით საყურადღებოა ორ წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან შესაძლოა ბრონქიოლიტი გამოიწვიოს და ჰოსპიტალიზაციის საჭიროება შექმნას“, - აღნიშნა ექიმმა.
მისი თქმით, ვირუსების გავრცელების საერთო სურათში ადენოვირუსის წილი დაახლოებით 15%-ია, ენტეროვირუსებისა და მეტაპნევმოვირუსის კი - 4-4%. ენტეროვირუსებს შორის ცირკულირებს კოქსაკის ვირუსიც. ამასთან, გავრცელებულია კორონავირუსის ჯგუფის სხვა ვირუსებიც, რომლებიც COVID-19-ისგან განსხვავდება.
მედიკოსის განცხადებით, გრიპის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ვაქცინაციასთან ერთად ჰიგიენის წესების დაცვაც, მათ შორის ხელების ხშირი დაბანა და ოთახების განიავება. მისი რეკომენდაციით, რესპირატორული სიმპტომების მქონე ადამიანებმა ავადმყოფობის პერიოდში საზოგადოებრივ სივრცეებში ყოფნას თავი უნდა აარიდონ.
გრიპის შემთხვევების მოსალოდნელი მატების ფონზე საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
წელს ვაქცინის შემადგენლობა სრულად შეცვლილი და განახლებულია, რომელიც მოიცავს გრიპის A ტიპის ორ შტამს (მისურის და დარვინის შტამები), B ტიპის (ტოკიოს შტამი) ერთ შტამს და მისი ეფექტურობა ბავშვებში 80%-ს შეადგენს.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა და იგი ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის: ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წელს ზემოთ პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის.
საქართველოში გრიპის სეზონი, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
ყველა ახალი ამბავი
0