მთავრობის მიზანი რეგიონში საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბებაა

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშისერვერული ქსელი
სერვერული ქსელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2026
გამოწერა
ნადარეიშვილის განცხადებით, ინოვაციური ეკოსისტემების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა აქტიურად ავითარებს ინოვაციურ სტარტაპ-ეკოსისტემას და ახორციელებს პრაქტიკულ რეფორმებს, რათა უახლოეს მომავალში ქვეყანა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის წამყვან რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა სინგაპურში გამართული შეხვედრების შემდეგ.
საქართველოს დელეგაცია, ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით, აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ ფორუმში — SWITCH (სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეული) მონაწილეობს. მიმდინარე კვირაში საქართველო პირველად წარდგება ეროვნული პავილიონით — StartUP in Georgia.
„ის რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს ინოვაციური სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით, არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელზეც საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც პოლიტიკის, ისე პრაქტიკული მხარდაჭერის ნაწილში იმისათვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს – რეგიონულ ჰაბად ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით, ტექნოლოგიური კომპანიების მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ნადარეიშვილმა აღნიშნა სინგაპურულ კომპანიებთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი — როგორც ინვესტიციების, ისე ტექნოლოგიების გაცვლის კუთხით.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე ნადარეიშვილმა მხარეებს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე რეფორმები დეტალურად გააცნო.
„ჩვენ ორმხრივი შეხვედრები გავმართეთ კომუნიკაციებისა და ინფორმაციის მინისტრთან, ასევე სააგენტო Enterprise Singapore-თან, სადაც განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის როგორც მიმდინარე, ისე სამომავლოდ მეტად პერსპექტიული ფორმები. ასევე, მხარეებს მივაწოდეთ ინფორმაცია საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ“, — აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში ნადარეიშვილი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე შეხვდნენ სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის სახელმწიფო მინისტრ ტან კიან ჰოუს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის, ტექნოლოგიების, ინოვაციური ეკოსისტემისა და ციფრული ეკონომიკის სფეროებში.
ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ინოვაციებზე ორიენტირებულ ციფრული ეკონომიკის განვითარების პოლიტიკასა და ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო მექანიზმებზე.
აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები სტარტაპ-ეკოსისტემის მიმართულებით.
ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს სტარტაპებს ქვეყანაში. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. სააგენტოს მთავარი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და ამ სფეროს ხელშეწყობა. სააგენტო ხელს უწყობს სამეწარმეო და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას.
ყველა ახალი ამბავი
0