სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ

კაზინო - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2026
გამოწერა
საქართველოში სათამაშო ბიზნესი და სამორინეების საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად რეგულირებადი სფეროა.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ - სანებართვო საქმიანობის სახეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობა ემატება.
პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტით, რომლის ავტორი და ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შოთა ბერეკაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი და გიორგი ბარვენაშვილი არიან, საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზების წესები და პირობები განისაზღვრება.
საერთაშორისო აზარტულ ტურნირად მიიჩნევა სამორინის მიერ მოწყობილი ისეთი აზარტული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი წინასწარ არის გარანტირებული და მონაწილეთა არანაკლებ 70%-ს უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ. საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობა დასაშვები იქნება, როგორც სამორინეს ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
პროექტის თანახმად, თუ საერთაშორისო აზარტული ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მლნ ლარს აღემატება და კლუბის მაგიდა მხოლოდ აღნიშნული ტურნირის ჩასატარებლად გამოიყენება, ორგანიზატორი თავისუფლდება კლუბის მაგიდისთვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან და უფლებამოსილია შემოსავალი ტურნირის ჩატარების შედეგად მიიღოს.
კანონის პროექტის თანახმად, სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმა 50 ათასი ლარი იქნება, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება - 150 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმდება. საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობისთვის განისაზღვრება ყოველწლიური სანებართვო მოსაკრებელი 100 ათასი ლარის ოდენობით.
საქართველოში სათამაშო ბიზნესი და სამორინეების საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად რეგულირებადი სფეროა. ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო ეფუძნება საქართველოს კანონს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, რომელშიც 2022 წლიდან მნიშვნელოვანი გამკაცრებები შევიდა.
აიკრძალა რეკლამა და დაწესდა მომხმარებლების ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე. ამასთან, გაჩნდა იმ ადამიანების მონაცემთა ბაზა, რომლებსაც ეკრძალებათ კაზინოებში თამაში, ტოტალიზატორებში ფსონების დადება და ა.შ. სიაში მოქალაქეები ხვდებიან სამი გზით: როდესაც პირი თავისი ნებით ითხოვს რეესტრში შეყვანას, ოჯახის წევრის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით.
კანონით ავტომატურად იკრძალება თამაში საჯარო მოხელეებისთვის, სოციალურად მოწყვლადი (დახმარების მიმღები) პირებისა და პირთა გარკვეული სხვა კატეგორიებისთვის.
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკების შემოსავლებს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით ათი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.
საქართველოში ლუდომანების რაოდენობის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი ლუდომანია, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები.
ყველა ახალი ამბავი
0