პარტიების აკრძალვის საქმე: მმართველი პარტიის არგუმენტები და პირველი პასუხები
22:19 26.10.2026 (განახლებულია: 22:55 26.10.2026)

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
მმართველი პარტიის კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის არსებითი განხილვის პირველი დღე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოზიციის გაჟღერებითა და მისი ოპონენტების პირველი პასუხებით აღინიშნა.
სასამართლო განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“.
მოსამართლის გაფრთხილება
საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მხარეები წესრიგის დაცვის შესახებ გააფრთხილა.
„სასამართლოსთვის სრულიად ნათელია, რომ საქმე ეხება პოლიტიკური საქმიანობისა და პოლიტიკური პროცესების შეფასებას, თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ პრინციპის შესაბამისად, რომლითაც აქამდე ვხელმძღვანელობდით — თითოეულმა მხარემ საკუთარი პოზიცია რაც შეიძლება ზუსტად უნდა ჩამოაყალიბოს“, — განაცხადა ნადარაიამ.
სასამართლოს თავმჯდომარემ აკრძალა ოპონენტების მისამართით შეურაცხმყოფელი გამოთქმების გამოყენება.
მხარეთა მოსმენის დაწყებამდე ნადარაიამ მუშაობის პრინციპთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
„შესაძლოა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტები მიუღებელი იყოს მოპასუხისთვის, ისევე როგორც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ფაქტები, სავარაუდოდ, მიუღებელი იქნება მოსარჩელისთვის, თუმცა მხარეებმა უნდა ისაუბრონ მაქსიმალური თავშეკავებით, მაქსიმალური სიზუსტით, ყოველგვარი ორაზროვნებისა და მინიშნებების გარეშე, რათა ამან არ გამოიწვიოს მეორე მხარის გაღიზიანება და ხელი არ შეუშალოს პროცესს მომავალში“, — აღნიშნა ნადარაიამ.
პრეტენზიების წარდგენა
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მთავარი მომხსენებელი მოსარჩელე — პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ იყო.
პარტიის პოზიცია არჩილ გორდულაძემ წარადგინა, რომელმაც დეტალურად განმარტა, კონსტიტუციის რომელი მუხლების დარღვევაში ედებათ ბრალი პარტიებს.
„აქ წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები 2012 წლიდან პირდაპირ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას, როგორც ერთობლივად, ისე ცალ-ცალკე. შესაბამისად, ყველა პარტია უნდა აიკრძალოს“, — განაცხადა გორდულაძემ.
მისი აზრით, 2012 წლის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური პარტიები, რომელთა დამფუძნებლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ყოფილან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირდაპირ არ შეიძლება იყვნენ ჩართული 2003-2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებსა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში, მიუხედავად ამისა, ეს პოლიტიკური პარტიები არ ემიჯნებიან 2003-2012 წლებში ჩადენილ სისტემატურ დანაშაულებს.
„ისინი არა მხოლოდ არ ახდენენ დისტანცირებას, არამედ კოალიციაშიც კი შედიან აღნიშნული რეჟიმის შემქმნელებთან. ეს ნათლად ნიშნავს იმას, რომ 2012 წლის შემდეგ შექმნილი პარტიები ეთანხმებიან იმდროინდელი მმართველი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევებს და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ მათ მიერ იგივე განმეორდეს“, — განაცხადა გორდულაძემ.
შესაბამისად, 2012 წლის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური პარტიები სწორედ ამ სამართლებრივი საფუძვლების არსებობის გამო უნდა აიკრძალოს, დასძინა მან.
პარტიებისადმი პრეტენზიები
სასამართლოზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პარტიების წინააღმდეგ შემდეგი ბრალდებები წამოაყენა:
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ფედერალისტური პარტია“ — ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ბრალდების ამ ნაწილში საქმე ეხება 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს.
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ — ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამ შემთხვევაში ბრალდებები ეხება საპროტესტო აქციებს, საარჩევნო ქმედებებსა და 2022 წლის შემდეგ კონფლიქტის განახლების მცდელობებს.
„გახარია – საქართველოსთვის“ — ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა; ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამ შემთხვევაში ბრალდებები ეხება პარტიების ქმედებებს არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციებს, ასევე სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ბლოკ-პოსტს.
ამასთან, 2012 წლის შემდეგ შექმნილი პარტიების მიმართ „ქართული ოცნების“ მთავარი პრეტენზია არის ის, რომ მათ საჯარო განცხადებებით დისტანცირება არ მოახდინეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“.
ოპოზიციის პირველი არგუმენტები
სხდომაზე საკუთარი არგუმენტების ნაწილობრივ წარმოდგენა მხოლოდ „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო.
„კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება ფაქტების შერჩევით მოპოვებას, ფაქტების არასწორ, ტენდენციურ ან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ინტერპრეტაციასა და შეფასებას“, — განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა.
მისი თქმით, მთავარ პრეტენზიას წარმოადგენს პარტიების ერთ ორგანიზმად წარმოჩენა.
„მოსარჩელემ გააერთიანა რამდენიმე პოლიტიკური პარტია და ამტკიცებს, რომ ეს ერთი ორგანიზმია. ის ამას იყენებს იმისთვის, რომ მოპასუხეებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უწოდოს. გაუგებარია, ეს იურიდიული ტერმინია თუ პოლიტიკური შეფასება“, — განაცხადა ბიბილაშვილმა.
როგორც ოპოზიციონერმა აღნიშნა, მოსარჩელე განზრახ ურევს ერთმანეთში პოლიტიკურ და იურიდიულ პასუხისმგებლობას, ასევე არ მიჯნავს ერთმანეთისგან სახელმწიფოსა და პარტიას და მათ შორის ზღვარს არ ავლებს.
„ერთის მხრივ, იგი კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს პარტიის ან პარტიების პასუხისმგებლობად მიიჩნევს, ხოლო მეორეს მხრივ, საკუთარ პარტიას აიგივებს სახელმწიფოსთან და ამტკიცებს, რომ პარტიის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია“, — განაცხადა ბიბილაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დანარჩენი არგუმენტები უკვე 27 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი, როდესაც სხდომა განახლდება.