სკოლაში თავდასხმას, ძალადობას და რბევას გეგმავდნენ - თბილისში ორი მოზარდი დააკავეს

© Depositphotos.com / ChinaImages TikTok
TikTok - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2026
გამოწერა
სამართალდამცავებმა მოზარდების სახლების ჩხრეკის შედეგად სასტარტო იარაღი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცავებმა სკოლაში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს - საქართველოს პროკურატურამ მათ ბრალდება წარუდგინა, ერთ მათგანს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მოზარდების სახლების ჩხრეკის შედეგად სასტარტო იარაღი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს. მედიის ინფორმაციით, საუბარია 14 წლის სკოლის მოსწავლეებზე, ისინი სხვადასხვა სკოლებში სწავლობენ. ისინი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2026 წლის აპრილი-მაისის თვეში სოციალურ ქსელის მეშვეობით გაიცნეს ერთმანეთი და განიზრახეს სკოლაზე თავდასხმის, რბევისა და ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
„კერძოდ, მათ შეარჩიეს თბილისში მდებარე კონკრეტული სკოლა, შეისწავლეს მისი შიდა განლაგება, გადაწყვიტეს რომ სკოლის წინ დაემონტაჟებინათ ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც საშუალებას მისცემდათ შეუმჩნევლად შეჭრილიყვნენ სკოლაში, დაერბიათ სკოლის შიდა ტერიტორია და იარაღის გამოყენებით სკოლაში მყოფი პირებისთვის მიეყენებინათ ჯანმრთელობის დაზიანებები. ამ მიზნით მათ შეიძინეს სხვადასხვა ნივთები და შექმნეს ყველა პირობა დანაშაულის ჩასადენად, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს, რადგან მათი ქმედება გამოვლენილ იქნა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ“, - აცხადებენ პროკურატურაში.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადება, რასაც თან უნდა მოჰყოლოდა ძალადობა და რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ერთ-ერთ არასრულწლოვან ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მეორე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა შუამდგომლობით სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე კანონით დადგენლ ვადაში მიმართავს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0