საამიეროების ვიცე-პრემიერმა საქართველოს ელჩს განსაკუთრებული მიღწევების ჯილდო გადასცა

© Сourtesy of Georgian Governmentარაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი შეიხი აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი
არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი შეიხი აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2026
გამოწერა
ჯანჯღავას ჯილდო წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის აღიარების ნიშნად გადაეცა.
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხმა აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ჯანჯღავას "განსაკუთრებული მიღწევების ჯილდო" გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, გიორგი ჯანჯღავას ჯილდო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს შორის საქართველოს საელჩოს გამორჩეული საქმიანობის, ინოვაციური მიღწევებისა და სხვადასხვა სფეროში სამინისტროსთან წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის აღიარების ნიშნად გადაეცა.
გიორგი ჯანჯღავა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩის პოზიციას 2025 წლის მარტიდან იკავებს (ხოლო 2024-2025 წლებში იყო დესპანი და საქმეთა დროებითი რწმუნებული). მას მანამდე არაერთ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, საუდის არაბეთში, ირანსა და ეგვიპტეში ჰქონდა ელჩის მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან.
შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0