უნდა გადაიდგას ჰუმანიტარული ნაბიჯები: ლორთქიფანიძე რუსეთთან სპეცწარმომადგენლის დანიშვნაზე

გამოწერა
გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, განაცხადა ევგენი პრიმაკოვის სახელობის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ
დადგა დრო, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს, მის ხალხს სჭირდება მომავლის ორიენტირები. ამ ორიენტირების განსაზღვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახდა პრემიერ- მინისტრის მიერ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მისი სპეცწარმომადგენლის წარდგენა და განსაკუთრებული ხაზი გაესვა ჰუმანიტარული საკითხებით პრობლემების მოგვარების დაწყებას, განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ექსპერტის თქმით, როდესაც მომავლის ორიენტირებზეა საუბარი და როდესაც დიპლომატია ჩიხშია შესული, სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოინახოს, უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯები. ამ თვალსაზრისით პირველი ნაბიჯები არის ჰუმანიტარული განზომილება.
„არა პოლიტიკური, არა დიპლომატიური, არამედ ჰუმანიტარული. და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკური ფასის განსაზღვრა, რა თქმა უნდა, თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლისთვის არის უმთავრესი სანუკვარი ოცნება“, - განაცხადა მან.
როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის 48,7%-ს მშობლიური მიწა-წყალი დატოვებული აქვს, არადა საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმაზე დაყრდნობით მათ უფლება აქვთ უკან დაბრუნების.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი რუსი კოლეგებიც იზიარებენ ამ შეხედულებას. მე მქონდა შესაძლებლობა კავკასიურ დიალოგზე არაერთი მათგანისთვის დამესვა ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვა და, ბუნებრივია, ცალსახად პასუხი არის - რა თქმა უნდა, ეს უფლება დევნილებს გააჩნიათ“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0