საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო „შუა დერეფნის“ განვითარებაში საკვანძო როლს ასრულებს

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2026
გამოწერა
ბოჭორიშვილი ბათუმში ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მიზანია, უზრუნველყოს ქვეყნის როლის სათანადო შეფასება „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში, ისევე როგორც მისი მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ეს განცხადება ბათუმში, ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, საერთაშორისო ვითარების ცვლილებისა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის, მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.
„საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი დაკავშირებადობის კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ საკვანძო როლი შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. ჩვენს რეგიონს, სამხრეთ კავკასიას, ვუყურებთ, როგორც ძალიან დიდი პოტენციალის მქონეს, შესაბამისად, ურთიერთობები უნდა განვითარდეს ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შუა დერეფნის განვითარება, რომელიც ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას და, შავის ზღვის გავლით, ევროპას აკავშირებს, რეგიონის ქვეყნების საერთო ინტერესებს პასუხობს და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
„საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ კავშირის განვითარებასა და სატრანსპორტო შესაძლებლობების გაფართოებაში და შუა დერეფნის სრული პოტენციალის გამოყენება ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესია“, - აღნიშნა მინისტრმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ მარშრუტის პოტენციალის რეალიზება მოითხოვს ჩართულ ქვეყნებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, კარგად განვითარებულ ინფრასტრუქტურასა და პოლიტიკურ ნებას. ასევე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგსა და სახელმწიფო უწყებებს შორის ურთიერთქმედებას.
ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ტრანსპორტი და ლოგისტიკა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის საერთო ინტერესის სფეროებს წარმოადგენს. ამასთან, აღნიშნული თანამშრომლობა სცდება მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებს; არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნდობის განმტკიცება, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ხალხთაშორისი კავშირების ხელშეწყობა.
საქართველო ცენტრალურ აზიასთან პარტნიორობას აძლიერებს
23 ოქტომბერს ბათუმში იმართება პირველი შეხვედრა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფოს — ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის — საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის.
საქართველოში ჩავიდნენ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ასევე ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
ბოჭორიშვილის განცხადებით, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მიმდინარე წლის ივნისში საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა ყაზახეთთან, ივლისში კი — უზბეკეთთან. გარდა ამისა, ივლისში თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტმა საქართველოში დამატებითი შესაძლებლობები შექმნა პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთან ურთიერთობაშიც. ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ბოჭორიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ბათუმში გამართული შეხვედრა ხელს შეუწყობს რეგიონების შემდგომ დაახლოებას, თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ქვეყნებისა და მათი მოქალაქეებისთვის.
„კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ კოლეგას, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან, რომლებიც შემოურთდნენ ამ ინიციატივას, დღეს სწორედ ბათუმში, საქართველოში გამართულიყო პირველი შეხვედრა ამ ფორმატში. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენს რეგიონებს შორის ურთიერთობების განვითარებაში და, საბოლოოდ, ეს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რაც ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია თანამედროვე პირობებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0