რუსეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭო: რუსეთის ბაზარი ქართული ხარისხიანი პროდუქციისთვის ღიაა

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2026
გამოწერა
რუსეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭო დაინტერესებულია, რომ ქართულ პროდუქციას ყველა შეზღუდვა რაც შეიძლება სწრაფად მოეხსნას
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭომ (RGBC) 20 ოქტომბერს მიიღო პასუხი როსპოტრებნადზორში (მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური) გაგზავნილ მიმართვაზე, რომელიც ეხებოდა ქართული ღვინის, მინერალური წყლისა და გაზიანი სასმელების შვიდი მწარმოებლის საქონლის იმპორტის დროებითი შეზღუდვების დაწესების მიზეზებს, განაცხადა RGBC-ის თავმჯდომარემ და ბიზნესმენმა იური ბალაშოვმა Sputnik-საქართველოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
9 ოქტომბერს რუსეთმა დროებითი აკრძალვა დააწესა რამდენიმე ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტზე. როსპოტრებნადზორმა აკრძალულ პროდუქტებში ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევები აღმოაჩინა - ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა. შეზღუდვები კონკრეტულად შემდეგ კომპანიებს შეეხო: Teliani Veli, Tbilvino, Askaneli Brothers, Vaiman, Georgian Beer Company, Coca-Cola Georgia და Nabeglavi.
„როსპოტრებნადზორის ოფიციალური პასუხის მიხედვით, მიმოქცევაში მყოფი პროდუქციის სისტემური მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ქართველი მწარმოებლების პროდუქცია, რომელიც არ აკმაყოფილებდა ხარისხისა და უსაფრთხოების მაჩვენებლებს. ამასთან დაკავშირებით დროებითი შეზღუდვები დაწესდა კონკრეტულ ქართველ მწარმოებლებთან მიმართებაში. ეს არ არის ემბარგო, შეზღუდვები არ ვრცელდება სხვა კომპანიებზე. რუსეთის ბაზარი ხარისხიანი ქართული პროდუქციისთვის ღია რჩება“, - განაცხადა ბალაშოვმა.
როგორც ბალაშოვმა აღნიშნა, RGDS ხედავს გამოსავალს სიტუაციიდან და მზად არის ითანამშრომლოს ყველა ქართველ მომწოდებელთან.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რაც შეიძლება ადრე მოიხსნას ყველა შეზღუდვა ქართულ პროდუქტზე. ჩვენ ვხედავთ გამოსავალს ამ სიტუაციიდან და ვიცით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქართველმა მწარმოებლებმა ამ პრობლემის სწრაფად მოსაგვარებლად. ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზე აბსოლუტურად ყველა ქართველ მომწოდებელთან ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა მან.
რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, სწორედ მომწოდებელი პასუხისმგებელია, რომ მისი პროდუქცია აკმაყოფილებდეს ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არ გვაქვს უფლება, რისკის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი მომხმარებლების ჯანმრთელობა და თუ მსგავსი დარღვევები სხვა ქართველ მწარმოებლებთანაც გამოვლინდება, დროებითი შემზღუდავი ზომები მათ მიმართაც გატარდება“, - ხაზგასმით აღნიშნა ბალაშოვმა.
რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების, საქართველოში რუსული პროდუქციის და რუსეთში ქართული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდის მიმართულებით.
ამ მუშაობის ერთ-ერთი შედეგია „როსსელხოზნადზორის“ გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს რძის ქართული გადამამუშავებელი კომპანიების განაცხადს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოთა ბაზარზე წვდომის თაობაზე. უახლოეს მომავალში საბჭო ელის, რომ მსგავსი დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული თევზის ოთხი მეურნეობის რუსეთში ექსპორტის ნებართვასთან დაკავშირებით.
ბოლოს ბალაშოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოში რუსული ბიზნესის და რუსეთში ქართული ბიზნესის მიერ მიღებული თანხები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ორმხრივი ურთიერთობების დასაზიანებლად, არამედ უნდა შეუწყოს ხელი ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების განვითარებას.
რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭო
რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭო რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან 2023 წლის თებერვალში შეიქმნა, მაშინვე გაიმართა მისი პირველი სხდომა. საბჭოს მიზანია რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად ახალი შესაძლებლობების შექმნა.
საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება, განიხილავს გამოწვევებს, ხელს უწყობს მათ სწრაფ მოგვარებას და სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობს ორი ქვეყნის დაახლოების მიზნით.
საქართველო და რუსეთი
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. საპასუხოდ, თბილისმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან და საკანონმდებლო დონეზე ეს ტერიტორიები ოკუპირებულად გამოაცხადა.
დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ნარჩუნდება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის დაწყების ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ასახელებს, ამასთან რუსეთთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს.
რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის, მეზობელი ქვეყნის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 2026 წლის იანვარ-სექტემბერში 10,8% შეადგინა. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 16,4%-ით გაიზარდა და 2,2 მლრდ დოლარი შეადგინა.
2025 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2024 წელთან შედარებით, დაახლოებით 6,3%-ით გაიზარდა და 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა. ამასთან, გასულ წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 10,3%-ით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი 6,3%-ით გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0