საქართველოში ორ თვეში უკანონო ნადირობის ათასზე მეტი ფაქტი გამოვლინდა

© photo: Department of Environmental Supervision / FB ელექტრონული მანოკი ნადირობისთვის
ელექტრონული მანოკი ნადირობისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2026
გამოწერა
ნადირობისთვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 1.069 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნა და 2027 წლის 1 მარტს დასრულდება.
ყველაზე მეტი – 331 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. 233 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 148 – გურიაში, 98 – შიდა ქართლში, 68 – სამცხე-ჯავახეთში, 55 – ქვემო ქართლში, 53 – აჭარაში, 51 – მცხეთა-მთიანეთში, 22 კი – კახეთში.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. სეზონის გახსნიდან 2 თვეში თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 10 ფაქტია გამოვლენილი.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 927 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 60 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 50 შემთხვევაში მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 32 შემთხვევაში კი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.
ნადირობის სეზონის გახსნიდან ორ თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 909 უკანონო საშუალება – ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.
უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა 70 ერთეულს შეადგენს. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 64 მწყერი, ასევე თითო-თითო კაკაბი, ოფოფი, ირაო და ხოხობი. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, ასევე კურდღელსა და ტურაზე ნადირობის ფაქტებიც დაფიქსირდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, კონტროლს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო ამკაცრებს. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ე.წ. ბაგები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრაქტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლი გახდა უფრო ეფექტიანი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ნადირობის წესები, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
ყველა ახალი ამბავი
0