„აწარმოე საქართველოში“: პროგრამით 20 ათასზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა

© photo: Sputnik / Stringerლოგო „აწარმოე საქართველოში“
ლოგო „აწარმოე საქართველოში“ - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2026
გამოწერა
დღეისათვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გარდაიქმნა „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციად“
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერა წლების განმავლობაში 20.000-ზე მეტმა მეწარმემ მიიღო, რამაც 90.000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს კერძო სექტორის წარმატებას. ამ მიზნით, 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა „აწარმოე საქართველოში“ - ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების სტიმულირება. ამავე სახელწოდების სააგენტო 2017 წლის აპრილში შეიქმნა. პროგრამის დაწყებიდან 1400-ზე მეტმა ბიზნესმენმა ისარგებლა სამრეწველო კომპონენტით და საკრედიტო-საგარანტიო სქემით, რომელიც მოიცავს სესხის პროცენტის სუბსიდირებას და საბანკო უზრუნველყოფას.
„რეალურად, 20 000-ზე მეტმა მეწარმემ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო ამ წლების განმავლობაში. ეს არის 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 8.5 მილიარდი ლარი ინვესტიციის მხარდაჭერა, რომელიც განხორციელდა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ეს რიცხვები, თავისთავად ითარგმნება მაკროეკონომიკურ პარამეტრებში.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ორჯერ გაზრდილ ექსპორტზე, ისევ და ისევ მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორზე ვლაპარაკობთ. ეს არის ოთხჯერ გაზრდილი გამოშვება, ბანკების მხრიდან ამ სექტორის ექვსჯერ გაზრდილი სასესხო უზრუნველყოფა, რომელიც 5 მილიარდიდან 30 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 30 მილიარდი არის ის სასესხო რესურსი, რომელიც დღეს 2025 წლის მონაცემებით, მცირე და საშუალო სექტორზე იქნა ფინანსური ინსტიტუტებიდან გამოყოფილი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მინისტრის მოადგილემ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მისი შექმნით, 2014 წლიდან საქართველოს მთავრობამ გადადგა პირველი რეალური ნაბიჯი კერძო სექტორის სისტემური და გრძელვადიანი მხარდაჭერის მიმართულებით.
„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მთლიანად ფოკუსირდა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებაზე. საკმაოდ ამბიციური გეგმა იყო, ვინაიდან ეს არის ჩვენი ეკონომიკის უდიდესი ნაწილი, დღესაც თითქმის 60%-ს წარმოადგენს მცირე და საშუალო სექტორის გამოშვება და დასაქმება. ის გამოწვევები, რაც არსებობდა, თავმოყრილი იყო ძირითადად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, მთავრობამ აითვისა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ეფექტურად შექმნა ეკოსისტემა, რომელშიც მეწარმეებს განვითარების ნებისმიერ ეტაპზე აქვთ წვდომა მხარდაჭერის სხვადასხვა სახელმწიფოებრივ ინსტრუმენტზე.
დღეისათვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ რეორგანიზებულია „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციად“, რომელიც მასშტაბური სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში 2026 წლის გაზაფხულზე შეიქმნა.
ძირითადი ცვლილებებია, რომელიც ამ რეფორმამ მოიტანა:
სტრუქტურების შერწყმა: ახალმა მეგაკორპორაციამ თავისი ქოლგის ქვეშ გააერთიანა თავად „აწარმოე საქართველოში“, ასევე „ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ და „საქართველოს განვითარების ფონდი“ (ყოფილი საპარტნიორო ფონდი).
გაფართოებული უფლებამოსილებები: მცირე და საშუალო ბიზნესის ჩვეულებრივი მხარდაჭერის გარდა, განახლებულ სტრუქტურას ახლა შეუძლია პირდაპირ გასცეს სესხები, დააფინანსოს მსხვილი სტრატეგიული სახელმწიფო პროექტები და მონაწილეობა მიიღოს მათში, როგორც აქციონერმა.
ყველა ახალი ამბავი
0